
"უფრო რბილი დიპლომატიური განცხადება იყო მათგან საჭირო" - გია ვოლსკის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებული განცხადება არ მოსწონს და ამბობს, რომ საქართველომ პოლონელი ექიმის კადრების გასაჯაროებით, თავი დაიცვა:
"როდესაც ასეთი დიდი სკანდალი გორდება, ასეთ არაორდინალურ ვითარებაში, რომელიც საქართველოს გარშემო მისმა არაკეთილისმსურველებმა შექმნეს, რასაკვირველია ეს ძალიან მცირედია იმისი, რითიც საქართველომ თავი დაიცვა, რომ ეს ინფორმაცია საჯარო გახადა, რომ არანაირი საფრთხე არ დაემუქროს ოფიციალურ ნიმუშს, რომელსაც ემუქრებოდა საფრთხე და ეს საფრთხე რასაკვირველია უნდა აიცილოს პოლონურმა მხარემ" ამბობს ვოლსკი.
საუბარია "ვივა მედში" მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც, პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილთან შესული პოლონელი ექიმი მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის მალულად გატანას ცდილობდა.
ამასთან დაკავშირებით დღეს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ექიმის ჩხრეკის ჩანაწერის გამოქვეყნება ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართული ოცნების ხელისუფლებას შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც პოლონური მხარის გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, პოლონელ ექიმთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე ორი ქვეყნის ხელისუფლებამ საგარეო უწყებების დონეზე იმსჯელა და უხერხულ შემთხვევასთან დაკავშირებით გარკვეული შეთანხმებაც არსებობდა, თუმცა ქართული ოცნების ხელისუფლებამ ცალმხრივად გადაწყვიტა გაუთვალისწინებელი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია და კადრები გაესაჯაროებინა.