ვის წინააღმდეგ ცნობილია, მაგრამ ვისთან ერთად, ბუნდოვანი. ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში ნიკა გვარამია იქნება - 2024-ში "მთავარი არხის" დამფუძნებელი "ქართული ოცნების" დამარცხებას ეცდება, თუმცა რა სტატუსით - ჯერ გაურკვეველია. იქნება ნიკა გვარამია პოლიტიკოსის ამპლუაში, თუ სხვა პლატფორმას აირჩევს ქვეყნის გასათავისუფლებლად, ჯერ ბუნდოვანია. იცის, რომ სჭირდება მოკავშირეები, ახალი და განსხვავებული ხედვებითა და სტრატეგიით. იცის ისიც, რომ ვერავის კარნახით იმოქმედებს და არც თავად სურს მოკარნახის როლში ყოფნა.
ნიკა გვარამიას განაცხადს პოლიტიკურ სპექტრში განხილვა მოჰყვა. ოპოზიცია კმაყოფილია, ნიკას ფაქტორი რომ გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია, თანხმდებიან, მაგრამ ახლა "მთავარი არხის" დამფუძნებლის კონკრეტულ გადაწყვეტილებას ელოდებიან, რა ბრძოლას აირჩევს და ვისთან ერთად. დაიწყო მსჯელობაც, ვიხილავთ თუ არა რომელიმე პარტიის სიის პირველ ნომრად, ან იქნება თუ არა პრემიერმინისტრობის კანდიდატი. თუმცა ეს კითხვები ნაადრევია, რადგან წინ ნიკას გადაწყვეტილებაა, რომელიც მას ჯერ არ მიუღია.