ახალქალაქში 27 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. 37 წლის არტურ გაბრიელიანი დუმილის უფლებას იყენებს. მისი ადვოკატის თქმით, დაკავებული გამოძიებას განზრახ მკვლელობის ნაწილში არ ეთანხმება. ვართიკ მირანიანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის სასამართლო პროცესი ახალციხეში ამ წუთებში იწყება. სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დისტანციურ რეჟიმში იმსჯელებს. ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვს. მას, განზრახ მკვლელობის გარდა, ბრალი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის აქვს წარდგენილი.
გამოძიებას ჩვენებები უკვე მისცეს ამ სისხლიან გარჩევაში მონაწილე სხვა პირებმა. არტურ გაბრიელიანს სახაზინო ადვოკატი იცავს. უფლებადამცველის თქმით, ისინი აღკვეთის სახით გირაოს შეფარდებას არ ითხოვენ.
ბრალი არის ორი მუხლით, 108-ე განზრახ მკვლელობა, 236-ე იარაღის უკანონო ტარება. განზრახ მკვლელობაში თავს დამნაშავედ არ გრძნობს, - ამბობს ტარიელ ბალაბანიშვილი.
შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის გამოძიების მიმდინარეობით კმაყოფილია. მისი თქმით, გაზრდილი კრიმინალი ნორმალური თემაა და სტატისტიკა ხან იზრდება და ხან იკლებს.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში დაპირისპირება სოფელ კულიკამში ახალგაზრდა კაცის მკვლელობას მოჰყვა. დაპირისპირებისას გარდაიცვალა 27 წლის ბიჭი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული. დაშავდა 2 ადამიანი, რომლებიც ადგილობრივი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ვართიკ მირანიანის მკვლელობას კი ახალქალქში მასობრივი არეულობა და შენობების დარბევა მოყვა. ამ ფაქტზე ცალკე მიმდინარეობს გამოძიება ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლით.