სხვას ვერაფერს გავაკეთებთ, ომს ვერ დავიწყებთ - გომელაური ოკუპაციაზე

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ოკუპაციის წინააღმდეგ ყველაფერს საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით აკეთებს. მისი თქმით, ჟურნალისტებმა ოპოზიციას, რომელიც ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს, უნდა ჰკითხონ, რას ზეიმობდნენ თბილისში მაშინ, როცა ჯარისკაცების გვამები ტყეში და მინდორში ესვენა.

ყველაფერს ვაკეთებთ, როგორც საერთაშორისო ჩვენი მეგობრების ჩართულობით, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, სხვას ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, ვერ დავიწყებთ ომს. ზუსტად ვინც ჩვენ მაგას გვეძახის და გვეუბნება, რომ რატომ არაფერს არ აკეთებთ, ზუსტად ეგენი იყვნენ ხელისუფლებაში და კითხვას თუ დაუსვამთ, თუ რატომ მოხდა 2008 წლის ომი, ძალიან კარგი იქნება. ასევე, კითხვა რომ დაუსვათ, 2008 წლის ომის შემდეგ, ჯერ კიდევ აქ ესვენა ჩვენი გმირების გვამები, თბილისში დისკოტეკები და ზეიმი იყო გამართული, რას ზეიმობდნენ, უფრო კარგი იქნება ეს კითხვები დაუსვათ მათ, - თქვა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაურმა დღეს, 11 აგვისტოს თავდაცვის მინისტრთან, თავდაცვის ძალების მეთაურთან და სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად სოფელ შინდისში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს მიაგო პატივი.

12 წლის წინ, 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლას 17 ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა. 12 წლის წინ, 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო. ხუთ­დღი­ან­მა ომმა 408 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა: 170 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, შსს-ს 14 თა­ნამ­შრო­მე­ლი და 224 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე. საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა კიდევ 26 000-მდე ადამიანი. 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭ­რილ და და­შა­ვე­ბულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა კი ჯამში 2 232-ია. ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 

12 წლის განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმებმა საერთაშორისო აღიარებას ვერ მიაღწიეს, თუმცა საქართველოს ტერიტორიების ანექსია და მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება - ბორდერიზაცია, ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გატაცებული ადამიანები. ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში ამ დროისთვისაც 3 ადამიანია, რომელთა შესახებაც ოჯახებს ინფორმაცია არ აქვთ. ისინი არარსებული საზღვრის დარღვევისთვის 3 ივლისს დააკავეს - ხვიჩა მღებრიშვილს 4 წლამდე, დაჭრილ ზაზა გახელაძეს კი 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გასული წლის ბოლოს საკუთარი სახლიდან გაიტაცეს გენადი ბესტაევი, რომელიც უკვე "მსჯავრდებულია" და 2019 წლის ნოემბრიდან ორწლიან "სასჯელს" იხდის.

მთავარი 8:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი