ერაყმა ქვეყნიდან შვედეთის ელჩი გააძევა, - ამის შესახებ განცხადება ერაყის პრემიერმინისტრმა გააკეთა.
ელჩის გაძევების გადაწყვეტილება მოჰყვა ერაყის დედაქალაქში, ბაღდათში დაწყებულ საპროტესტო აქციას, რომლის დროსაც დემონსტრანტები დიპლომატიური მისიის შენობაში შეიჭრნენ. აქციის ორგანიზატორები შიიტი სასულიერო პირის, მუკთადა სადრის მხარდამჭერები იყვნენ.
საპროტესტო აქცია კი მოჰყვა შვედური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სტოკჰოლმში საპროტესტო აქცია იგეგმებოდა, სადაც დემონსტრანტები ყურანისა და ერაყის დროშის დაწვას გეგმავდნენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილე უნდა ყოფილიყო კაცი, რომელმაც მიმდინარე წლის ივნისში სტოკჰოლმის მეჩეთის წინ ყურანს ცეცხლი წაუკიდა.
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციის შედეგად საელჩოს არცერთი თანამშრომელი არ დაშავებულა.