სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბორდერიზაციის პროცესი და უკანონო დაკავებები რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძელდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება შემაკავებელ ზომებს არ ატარებს.
სამწუხაროდ, ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება, ასევე, უკანონო დაკავებები ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს, სამწუხაროდ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს შემაკავებელი ზომების გატარების კუთხით. რომ არა ის ზომები, რასაც ხელისუფლება ატარებს, შედეგები გაცილებით მძიმე იქნება, - თქვა გრიგოლ ლილუაშვილმა.
გრიგოლ ლილუაშვილმა დღეს, 11 აგვისტოს თავდაცვის მინისტრთან და სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად სოფელ შინდისში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.
12 წლის წინ, 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლას 17 ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა.
2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა. 12 წლის წინ, 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო. ხუთდღიანმა ომმა 408 ადამიანი იმსხვერპლა: 170 სამხედრო მოსამსახურე, შსს-ს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე. საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა კიდევ 26 000-მდე ადამიანი. 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა კი ჯამში 2 232-ია. ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
12 წლის განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმებმა საერთაშორისო აღიარებას ვერ მიაღწიეს, თუმცა საქართველოს ტერიტორიების ანექსია და მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება - ბორდერიზაცია, ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გატაცებული ადამიანები. ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში ამ დროისთვისაც 3 ადამიანია, რომელთა შესახებაც ოჯახებს ინფორმაცია არ აქვთ. ისინი არარსებული საზღვრის დარღვევისთვის 3 ივლისს დააკავეს - ხვიჩა მღებრიშვილს 4 წლამდე, დაჭრილ ზაზა გახელაძეს კი 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გასული წლის ბოლოს საკუთარი სახლიდან გაიტაცეს გენადი ბესტაევი, რომელიც უკვე "მსჯავრდებულია" და 2019 წლის ნოემბრიდან ორწლიან "სასჯელს" იხდის.