
იყო თუ არა შესაძლებელი აგვისტოს ომის თავიდან აცილება? ვინ დაიწყო ომი და რა მიზანი ჰქონდა რუსეთს - ამ საკითხებზე "ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ნატოს ჯარების ყოფილი მთავარსარდალმა, ამერიკის არმიის გენერალმა ჯონ კრადოკმა ისაუბრა.
მისი შეფასებით, პუტინმა ზუსტად იცოდა, რას აკეთებდა და ეს იყო სტრატეგია, ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილები რუსეთის გავლენის ქვეშ დაებრუნებინა.
წარმოიქმნა ნარატივი, რომ ომი ქართველების მიერ განსაკუთრებით აგრესიულ თავდასხმაზე საპასუხო ნაბიჯი იყო. არ მგონია, რომ ეს შეხედულება ოდესმე დადასტურებულიყო. არ მგონია, ვინმეს შეეძლოს რუსეთის აგრესიის პროვოცირება, განსაკუთრებით ეს რუსეთი აგრესიული ქვეყანაა. ვფიქრობ, საქართველო საცდელი ოპერაცია იყო და მათ ეს ოპერაცია ჩაატარეს. პუტინმა ზუსტად იცოდა რას აკეთებდა. მომდევნო წლებში მისი გადადგმული ნაბიჯებით მივხვდით, რომ ეს სტრატეგიის ნაწილი იყო იმისთვის, რომ მას საბჭოთა კავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილები რუსეთის გავლენის ქვეშ დაებრუნებინა, - თქვა გენერალმა ჯონ კრადოკმა.
ამერიკელი გენერლის აზრით, ეს პროცესი ჯერაც არ დამთავრებულა. მისი თქმით, ინდიკატორები რომ ყოფილიყო საქართველოში სამხედრო შეჭრაზე, ამ შემთხვევაში დიპლომატიურ მეთოდებთან ერთად სამხედრო მეთოდების მობილიზებაც შეიძლებოდა მომხდარიყო, რათა იმ კონკრეტულ მომენტში შეჭრის პრევენცია მოეხდინათ. თუმცა კრადოკი მიიჩნევს, რომ პუტინი საქართველოში არ შეიჭრებოდა იმ შემთხვევაში, თუ ეცოდინებოდა, რომ ომის მოგება წაგებაზე ძვირ საფასურად დაუჯდებოდა.
ვფიქრობ, ეს რუსეთის მიმართ საცდელი ნაბიჯი იყო, მათ ნიადაგი მოსინჯეს, - ამბობს გენერალი.
კრადოკის თქმით, საქართველომ ერაყისა და ავღანეთის მისიებში ძლიერი მონაწილეობით დაამტკიცა, რომ ნატოს შემადგენლობაში უსაფრთხოების არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ მიმწოდებელიც შეუძლია გახდეს, ამიტომ, დროა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს. მისი აზრით, საქართველო ნატოს ძლიერი წევრი იქნება და ალიანსის უსაფთხოებაში დიდ წვლილს შეიტანს.