პოლიციელი, რომელმაც, სავარაუდოდ, 21 წლის ბიჭზე იძალადა, ლევან სამნაშვილია | საქმეში კიდევ 3 პოლიციელი მონაწილეობდა

გამოქვეყნდა:

პოლიციელი, რომელმაც, სავარაუდოდ, 21 წლის ახალგაზრდაზე იძალადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს დეტექტივი ლევან სამნაშვილია. იდენტიფიცირებული პოლიციელი თბილისის მესამე განყოფილების თანამშრომელია.

ის შსს-ს ერთადერთი თანამშრომელი არ არის, რომელიც ამ დაპირისპირებაში იღებდა მონაწილეობას, მასთან ერთად კიდევ 3 პოლიციელი იმყოფებოდა, თუმცა მათი იდენტიფიცირება ამ დროისთვის ჯერ არ მომხდარა. 

ლევან სამანაშვილი თავად ძალადობის მსხვერპლმა, ლაშა ჟღენტმა ამოიცნო. როგორც ის ამბობს, სამნაშვილი სწორედ ის პოლიციელია რომელმაც ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმი შეავსო.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელები ფიზიკურად გუშინ გაუსწორდნენ. როგორც ბიჭი ჰყვება, ის შსს-ს თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით დააკავეს. ლაშა ჟღენტს დაზიანებები აქვს მიღებული ხელისა და ყელის არეში. დაზიანებები აღენიშნება შემთხვევაში მონაწილე მეორე ახალგაზრდასაც. 

როგორც თვითმხილველი "მთავარ არხთან" ამბობს, სამართალდამცველებმა ახალგაზრდა ბიჭების გარდა, იძალადა მათ ბებიაზეც, რომელიც მოძალადე პოლიციელისგან მისი შვილიშვილების დაცვას ცდილობდა. 

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ახალგაზრდა ბიჭების გამოკითხვა. ისინი ამბობენ, რომ მათ დეტალური ინფორმაცია  მიაწოდეს საგამოძიებო სამსახურს მომხდართან დაკავშირებით და ახლა ითხოვენ, რომ მოძალადე პოლიციელები დაისაჯონ.

ამ დროისთვის ლაშა ჟღენტი ლევან სამხარაულის ბიუროში არის გადაყვანილი, სადაც მას ექსპერტიზა უტარდება. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი თუ რა ტიპის დაზიანებები მიაყენეს პოლიციელებმა მას.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი