
პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამაყია შინდისის გმირებით და ქედს იხრის მათი ხსოვნის წინაშე. ამ თემაზე მან სტატუსი საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა. მისი თქმით, სამშობლო ის უმაღლესი ღირებულებაა, რისთვისაც შინდისის გმირები 2008 წელს იბრძოდნენ.
თავდადებისთვის მზადყოფნა ჩვენი ეროვნული სულისკვეთებაა. საქართველო აქამდე სწორედ ამ თავდადებამ მოიყვანა. სამშობლოსათვის დაღუპულთა პატივისცემა თაობიდან თაობას გადაეცემა და მათი თავგანწირვის მაგალითზე შენდება ჩვენი ქვეყნის მომავალი. როგორც უმაღლესი მთავარსარდალი ამაყი ვარ, რომ ასეთი გმირები გვყავს და ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე! - წერს ზურაბიშვილი.
12 წლის წინ, 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლას 17 ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა.
2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა. 12 წლის წინ, 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო. ხუთდღიანმა ომმა 408 ადამიანი იმსხვერპლა: 170 სამხედრო მოსამსახურე, შსს-ს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე. საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა კიდევ 26 000-მდე ადამიანი. 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა კი ჯამში 2 232-ია. ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
12 წლის განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმებმა საერთაშორისო აღიარებას ვერ მიაღწიეს, თუმცა საქართველოს ტერიტორიების ანექსია და მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება - ბორდერიზაცია, ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გატაცებული ადამიანები. ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში ამ დროისთვისაც 3 ადამიანია, რომელთა შესახებაც ოჯახებს ინფორმაცია არ აქვთ. ისინი არარსებული საზღვრის დარღვევისთვის 3 ივლისს დააკავეს - ხვიჩა მღებრიშვილს 4 წლამდე, დაჭრილ ზაზა გახელაძეს კი 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გასული წლის ბოლოს საკუთარი სახლიდან გაიტაცეს გენადი ბესტაევი, რომელიც უკვე "მსჯავრდებულია" და 2019 წლის ნოემბრიდან ორწლიან "სასჯელს" იხდის.