რუსული ანაკომის სუპი, რუსული კეტჩუპი და რუსული მაიონეზი - "თავისუფლების ინსტიტუტი" აქვეყნებს კვლევას, რომელშიც ნათქვამია, რომ 2022 წლამდე ქართულ ჯარს რუსული წარმოების საკვებს აჭმევდნენ, 2022 წლიდან კი გაურკვეველია, რომელი კომპანია უზრუნველყოფს მის კვებას და რისგან შედგება ჯარისკაცების რაციონი. თუმცა, კვლევაში მიმოხილულია, თუ ვის ევალება ჯარის კვებით უზრუნველყოფა და ვისგან ყიდულობდა მანამდე სახელმწიფო საკვებ პროდუქტს ქართული ჯარისთვის.
როგორც "თავისუფლების ინსტიტუტი" წერს, 2014 წელს შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" შეიქმნა და მას საერთაშორისო სტანდარტებთან მორგებასთან ერთად, შეიარაღებული ძალების კვებითი მომსახურების გაუმჯობესება დაევალა. კომპანიის 100% წილის მფლობელი სახელმწიფოა და მას თავდაცვის სამინისტრო მართავს.
2022 წლამდე "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" ჯარის საკვებს კონსოლიდირებული ტენდერების გამოცხადების გზით ყიდულობდა, რითიც შესყიდვები უფრო კონკურენტული და გამჭვირვალე იყო. 2022 წლიდან ვითარება შეიცვალა და, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ შპს-ს მათთვის კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების თხოვნით აღარ მიუმართავს.
"თავისუფლების ინსტიტუტის" კვლევის მიხედვით, ბოლო და ყველაზე მსხვილი შესყიდვა (10 875 ლარის ღირებულებით) შპს "სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფამ" რუსული ზეთის შემომტან კომპანიასთან 2022 წლის 19 ივლისს გააფორმა, როცა რუსეთი უკრაინაში უკვე ნახევარი წლის შეჭრილი იყო და ის მასშტაბური სანქციების ქვეშ ექცეოდა. ამას გარდა, 2015-2022 წლებში 232 000 ლარის რუსული ანაკომის სუპი, კეტჩუპი და მაიონეზი შეიძინა.
"2022 წლიდან, ფაქტობრივად, ჩაიკეტა ჯარის კვების უზრუნველყოფის სისტემა და ღია წყაროებით უკვე შეუძლებელია მისი მონიტორინგი. როდესაც მონიტორინგი ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო, შპს “სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის” გამოცხადებულ ტენდერებში ხშირად იმარჯვებდა მმართველ პარტიასთან სხვადასხვა ფორმით დაკავშირებული კომპანიები.
მაგალითად, 2019-20 წლებში 4 910 550 ლარის კონსოლიდირებულ ტენდერში გაიმარჯვა 2019 წელს შექმნილმა შპს "ლუკა 2005", რომლის დამაარსებელ იაშა ჩაჩუას და დირექტორს იუზა ჯოგლიძეს 2018-2022 წლებში "ქართული ოცნებისთვისა" და სალომე ზურაბიშვილისთვის ჯამში 135 ათასი ლარი აქვთ შეწირული. იაშა ჩაჩუას კომპანიები (შპს "ილი ჯგუფის", შპს "გიო 2010-ს", შპს "New Star-ს" და ა.შ) 10 წელზე მეტია სახელმწიფო უწყებების კვების უზრუნველყოფის ტენდერებს იგებენ მორგებული პირობებით. კერძოდ, შპს ილი ჯგუფმა 2012-2020 წლებში ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობით ჯამში 109 016 199 ლარი მიიღო, აქედან უკონკურენტოდ მოგებული ტენდერების ღირებულებამ 101 012 215 ლარი შეადგინა.
გარდა ამ კომპანიისა, ხეირი ნახა ასევე შპს “საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია "ქარვამ", რომელთანაც ჯამში 2019 წელს 6 137 235 ლარის გამარტივებული შესყიდვა გაფორმდა.
კომპანიის ერთ-ერთი დამაარსებელი ნათია ბუკია, რომელიც 2018 წლამდე კომპანიის 100% წილსაც ფლობდა, არის ხობის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას შვილი. გოდერძი ბუკია 2012 წელს ნაციონალური მოძრაობის სახელით გახდა ხობის მაჟორიტარი, თუმცა, მალევე შეუერთდა ქართულ ოცნებას და 2016 წელს, მცირე ხნით, ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატიც იყო.2022 წლიდან დაკვირვების შესაძლებლობა არ გვაქვს, მაგრამ მანამდე სისტემა იძლეოდა დაკვირვების და შემოწმების საშუალებას - ვინ იგებდა გამარტივებულ ან კონსოლიდირებულ ტენდერებს, რომელი ქვეყნის პროდუქცია მიეწოდებოდა ჯარს.
მაგალითად, ჩვენი ყურადღება მიიქცია საკვები ზეთის შესყიდვის ხელშეკრულებებმა - სამი ხელშეკრულება გაფორმდა, ჯამური ღირებულებით 18 ათასი ლარი, 2021 წლის მარტსა და დეკემბერში, აგრეთვე 2022 წლის ივლისის თვეში. ხელშეკრულებით შპს "ჯეო-კოოპ"-მა თავდაცვის სამინისტროს მიაწოდა Aston-ის ფირმის ზეთი, რომელიც რუსეთის ბაზარზე არსებული ლიდერი კომპანიაა ბოთლის ზეთების წარმოების მხრივ.
ბოლო და ყველაზე მსხვილი შესყიდვა 10 875 ლარის ღირებულებით შპს "სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფამ" რუსული ზეთის შემომტან კომპანიასთან 2022 წლის 19 ივლისს გააფორმა, როცა რუსეთი უკრაინაში უკვე ნახევარი წლის შეჭრილი იყო და ის მასშტაბური სანქციების ქვეშ ექცეოდა.
გაუგებარია, რატომ არ მოძებნა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ქართულ ბაზარზე ზეთის მიმწოდებელი ისეთი კომპანია, რომელიც არსებულ საჭიროებას დააკმაყოფილებდა და რატომ კვებავს ქართველ თუ პარტნიორი ქვეყნის ჯარისკაცებს რუსული ნაწარმით, მაშინ როდესაც, ერთის მხრივ, მისი ქართული ანალოგები არსებობს, ხოლო მეორეს მხრივ, რუსეთიდან დისტანცირება და მის ბაზარზე დამოკიდებულების შემცირება სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის.
ამის გარდა, წარსულში შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფას" დიდი რაოდენობის თანხა აქვს დახარჯული რუსული წარმოშობის სხვა პროდუქციის შესასყიდადაც. კერძოდ, 2015 წლიდან 2022 წლის თებერვლის ჩათვლით სახელმწიფო შპს-მ 14 გამარტივებული შესყიდვა გააფორმა შპს “დიპლომატ ჰოლდინგთან” ჯამში 232 300 ლარის ღირებულების, რითაც საველე წვრთნებისთვის რუსული წარმოშობის ანაკომის სუპები, კეტჩუპი და მაიონეზი შეიძინა.
2022 წლის შემდეგ გაურკვეველია ამ კომპანიასთან კვლავ აფორმებს თუ არა თავდაცვის სამინისტრო ხელშეკრულებებს, ვინაიდან ეს ინფორმაცია უკვე სახელმწიფო შესყიდვების საიტზე აღარაა ხელმისაწვდომი," - ვკითხულობთ "თავისუფლების ინსტიტუტის" სტატიაში.
ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო წლებში, საქართველოს არმიის კვებით უზრუნველყოფის პროცესი ჩაკეტილი და ბუნდოვანი გახდა. შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" პირდაპირი მოლაპარაკებების გზით ყიდულობს საკვებს ქართველი ჯარისკაცებისთვის, რისი მონიტორინგისა და შესწავლის საშუალებაც საქართველოს მოქალაქეებს აღარ აქვთ.
"გაუგებარია, რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს აღნიშნული პროცედურის ჩაკეტვა და გამჭვირვალობის შეზღუდვა? ეჭვს აღრმავებს, რომ სისტემის დახურვა რუსეთის უკრაინაში შეჭრის პერიოდს ემთხვევა.
2022 წლიდან შეცვლილი ვითარება ორი კუთხით არის არასახარბიელო:1) ღია წყაროებით აღარ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია - აგრძელებს თუ არა სახელმწიფო ქართული ჯარის მომარაგებას რუსული პროდუქციით.
2) 2022 წლამდე კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება ქმნიდა მეტ-ნაკლებად კონკურენტულ გარემოს. ამავე დროს, ამ პერიოდში პირდაპირი შესყიდვებით კი სარგებლობდნენ ქართულ ოცნებასთან სხვადასხვა ფორმით დაკავშირებული კომპანიები, თუმცა 2022 წლის შემდეგ სახელმწიფო ისე აირჩევს კომპანიებს, რომ მოქალაქეებს ამის მონიტორინგის საშუალებაც კი არ გვექნება.
თუ 2022 წლამდე შეგვეძლო გვესაუბრა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული კომპანიებისთვის სასათბურე პირობების შექმნაზე, მორგებულ სატენდერო პირობებზე, ფავორიტიზმსა და ნეპოტიზმზე, ახლა ამის კონტროლის მექანიზმიც მოგვისპეს, რადგან ღია წყაროებით ხელმისაწვდომი აღარ არის რას ყიდულობენ ქართული ჯარისთვის.
სახელმწიფო შესყიდვებში თავდაცვის სამინისტროს მიერ არჩეული გზა ბევრ კითხვას გვიჩენს. შესყიდვების გაუმჭვირვალე სისტემა მხოლოდ აძლიერებს ეჭვს, რომ სახელმწიფო ფული იხარჯება რუსულ კომპანიებზე ან/და ხეირს ნახულობენ მხოლოდ მმართველ პარტიასთან დაახლოებული ადამიანები," - ნათქვამია სტატიაში.