სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის გარეშე აზერბაიჯანთან ახალი ომის შესაძლებლობას "ძალიან სავარაუდო" უწოდა.
"სანამ სამშვიდობო ხელშეკრულება არ არის ხელმოწერილი და რატიფიცირებული ორი ქვეყნის პარლამენტების მიერ, რა თქმა უნდა, ახალი ომი აზერბაიჯანთან ძალიან სავარაუდოა“, - თქვა ფაშინიანმა AFP-სთან ინტერვიუში.
მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო ომი 2020 წელს დაიწყო და ექვსი კვირის განმავლობაში 7 000 სამხედრო იმსხვერპლა. ომის შედეგად აზერბაიჯანმა მოიპოვა კონტროლი მთიანი ყარაბაღის ნაწილსა და მიმდებარე შვიდ რაიონზე. ომი დასრულდა რუსეთის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, რომლის შედეგად, მოსკოვმა რეგიონში დაახლოებით 2000 სამხედრო სამშვიდობო მისიით განათავსა.
სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, ბოლო კვირების განმავლობაში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რამდენიმე უშედეგო მოლაპარაკება გაიმართა.
დაძაბულობა კვლავ მაღალია ლაჩინის დერეფანში. ის ერთადერთი გზაა, რომელიც სომხეთს მთიან ყარაბაღთან აკავშირებს. ბაქოს მტკიცებით, სომხეთიდან მიმავალ წითელი ჯვრის მანქანებში კონტრაბანდა აღმოაჩინეს, რის გამოც აზერბაიჯანმა გამოძიების დასრულებამდე დერეფნის საგუშაგოზე გადაადგილება აკრძალა.
მიმოსვლის შეჩერებამ მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისის რისკი შექმნა. სომხეთი აცხადებს, რომ ტერიტორიაზე საკვების, მედიკამენტებისა და ენერგორესურსების დეფიციტია.
ფაშინიანმა AFP-თან ინტერვიუში მკვეთრად გააკრიტიკა ბლოკადა და თქვა, რომ ეს არის მთიანი ყარაბაღში ეთნიკური სომხების გენოციდის პროცესი.
ბრალდებებს აყენებს აზერბაიჯანიც. ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ სერიოზულ ძალისხმევას ახორციელებს ტერიტორიის განსანაღმად. მისი თქმით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 1 მილიონზე მეტი ნაღმია დამარხული.
21 ივლისს შუშას გლობალურ მედია ფორუმზე აზერბაიჯანის ლიდერმა განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ ნაღმების აფეთქებებმა 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა 21 ივლისს განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ვერ გადაჭრიან ურთიერთობებს უსაფრთხოების ფაქტორისა და მთიან ყარაბაღში სომეხი მოსახლეობის უფლებების გათვალისწინების გარეშე.
"ჩვენ გვჭირდება სასწრაფო ჰუმანიტარული ჩარევა 120,000 ადამიანის შიმშილისგან გადასარჩენად. შემდეგ ჩვენ შევძლებთ გავაგრძელოთ მოლაპარაკებები ყველასთან, ვინც დაინტერესებულია რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებით. საკმარისი სისხლი უკვე დაიღვარა სამხრეთ კავკასიაში. ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარება უმნიშვნელოვანესი იქნება", - თქვა მირზოიანმა.
მირზოიანმა ავსტრიულ გაზეთ DerStandard-თან ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის მთავარი საკითხი ხალხის უსაფრთხოება და მათი ფუნდამენტური უფლებებია.