ანექსირებული ყირიმისა და ლუგანსკის სენატორებმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წარუდგინეს კანონპროექტი ჯარის "დისკრედიტაციისთვის", "დეზერტირობისა და ექსტრემიზმის წაქეზებისთვის" მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ.
გარდა ამისა, ინიციატივის ავტორებს სურთ რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც "ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან".
თავის მხრივ, ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ანდრეი კლიშასმა გააკრიტიკა სენატორების მიერ შემოთავაზებული პროექტი.
"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თუ ფედერალური პოლიტიკოსი, მათ შორის რუსეთის ფედერაციის სენატორი, შემოიტანს კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, კონსტიტუციური სისტემის საფუძვლებს, მაშინ ასეთი პოლიტიკოსისთვის ეს სერიოზული საფუძველია იფიქროს, შეუძლია თუ არა თანამდებობის დაკავება", - განაცხადა კლიშასმა.
საკონსტიტუციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ურჩია კანონპროექტის ავტორებს, წაეკითხათ რუსეთის კონსტიტუციის მე-6 მუხლი, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა შეუძლებელია.
აპრილის ბოლოს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა "რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის შესახებ" კანონის ახალ ვერსიას, რომლის თანახმად, შეძენილი მოქალაქეობა გაუქმდება "ნაციონალური უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის", მათ შორის რუსული არმიის "დისკრედიტაციისთვის".
სხვა დარღვევებს შორის, რის გამოც რუსეთის ხელისუფლება უკვე შეძლებს შეძენილი მოქალაქეობის ჩამორთმევას, არის მასობრივი არეულობები, მიტინგების შესახებ კანონის განმეორებითი დარღვევა, სამხედრო სამსახურისგან თავის არიდება, "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის შეუსრულებლობა.