27 წლის ვართიკ მირანიანის მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობაში რჩება. არტურ გაბრიელიანისთვის აღკვეთის ღონისძიებად ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება ახალციხის სასამართლომ მიიიღო.
გაბრიელიანი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ბრალდებულის უფლებადამცველი, რომელიც სახაზინო ადვოკატია, სასამართლოს გადაწყვეტილებას დაეთანხმა.
ადვოკატის ტარიელ ბალაბანიშვილის განმარტებით, ეს თავად ბრალდებულის სურვილი იყო რომელიც მისი თქმით, შიშობდა, რომ თუ წინასწარ პატიმრობაში არ დატოვებდნენ, გარეთ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა.
ეს თანხმობა გამოწვეული იყო ბრალდებულის პირადი უსაფრთხოების ინტერესებიდან, - განაცხადა მან.
მირანიანის ოჯახის წევრები კომენტარს ღიად ჯერჯერობით არ აკეთებენ და ხმამაღლა მხოლოდ დაღუპულის დაკრძალვის შემდეგ ალაპარაკდებიან.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში დაპირისპირება სოფელ კულიკამში ახალგაზრდა კაცის მკვლელობას მოჰყვა. დაპირისპირებისას გარდაიცვალა 27 წლის ბიჭი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული. დაშავდა 2 ადამიანი, რომლებიც ადგილობრივი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ვართიკ მირანიანის მკვლელობას კი ახალქალქში მასობრივი არეულობა და შენობების დარბევა მოყვა. ამ ფაქტზე ცალკე მიმდინარეობს გამოძიება ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლით.