გიორგი შაქარაშვილს საბედისწრო ღამეს ხევში 5 პირი მისდევდა, ის სასტიკად ცემის შემდეგ მდინარეში გადააგდეს -19 წლის ფეხბურთელის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის პროკურატურამ ბრალი 5 პირს წაუყენა. შოთაძის უწყებამ საგანგებო ბრიფინგზე შაქარაშვილის დაღუპვის სცენა აღადგინა. "ტოიოტა ქამრის მზავრებს ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და 2 არასრულწლოვანს, ზ.ხ.-ს და ა.ქ.-ს ბრალი დაუმძიმდა.
ბრალდებულთა ადვოკატები პროკურატურის ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და მიიჩნევენ, რომ შოთაძის უწყებამ ნაადრევი გადაწყვეტილება მიიღო და მათი დაცვის ქვეშ მყოფთა ბრალეულობის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს.
მე რომ ვუყურე აღნიშნულ ვერსიას, რაღაც თრილერივით მომეჩვენა, რაც ბრალდების მხარეს არ უნდა გაეკეთებინა. ანუ რას ვგულისხმობ, ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ თურმე წყლამდე მისდიეს და შემდეგ ესე ვთქვათ, წყალში მოახდინეს მისი ლიკვიდაცია, ეს მინიმუმ დროში მაინც ხომ უნდა გაეზომათ, დროში რამდენად რეალური და რელევანტურია. დარწმუნებული ვარ, მათ ამაზე პასუხი არ ექნებათ, - ამბობს ალექსანდრე იაკობიძე.
მისი თქმით, დაცვის მხარეს ხელფეხი უფრო გაეხსნა, რომ ამ მიმართულებით საგამოძიებო ექსპერიმენტები ჩაატაროს.
ჩვენ არ გვაქვს ექსპერტიზის დასკვნები, რომელიც შემხებლობას დადასტურებს დ არ გვაქვს სხვა სახის მოწმის ჩვენებები, რომელიც ამ სახითაც ამ პირველ ელემენტს შექმნის. ამიტომ, რაც არ უნდა ბრალდებამ ისაუბროს, საქმეს ფიზიკურად გაუჭირდება, - ამბობს ვასილ მამულაშვილი.
მისი თმით, შედეგი, რა მოლოდინიც აქვს ბრალდებას, მაღალი ალბათობით არ დადგება. მამულაშვილი ამბობს, რომ არ არსებობს მოწმე, რომელიც ხიდის ქვეშ არსებულ გზაზე განვითარებულ მოვლენებს დაადასტურებს, თუმცა პროკურატურის წარმომადგენელმა თავის ბრიფინგზე ისაუბრა ამ საკითხზე და აღნიშნა, რომ ქართულ კანონმდებლობაში არ არის მოწმის ჩვენების აუცილებლობა გარკვეული გარემოებების დადგენისათვის.
არანაირი მტკიცებულებაზე საუბარი, რომელიც ირიბად მაინც ვახტანგ ჩიქოვანის რაიმე შემხებლობას გამოკვეთდა გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილთან, - ამბობს არჩილ ბერიანიძე.
მისი თქმით, არსებული მტკიცებულებების ფონზე უფლებადამცველებისთვის მოულოდნელი იყო პროკურატურის განცხადება და დარწმუნებულია, რომ ბრალდება სასურველ შედეგს ვერ მიაღწევს.
შეგახსენებთ, რომ დღეს პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე ხუთი პირის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და სპეციალურ ბრიფინგზე აღადგინა ფეხბურთელის დაღუპვის სცენა.
19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.