
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა რუსეთის მიერ ოდესაზე განხორციელებულ თავდასხმას "ომის დანაშაული" უწოდა.
"იუნესკოს დაცვის სტატუსის მქონე ქალაქის, ოდესის მუდმივი სარაკეტო ტერორი ომის მორიგი დანაშაულია. ასევე განადგურდა ქალაქის მთავარი მართლმადიდებლური ტაძარი, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი", - დაწერა ბორელმა სოციალურ ქსელში და დასძინა, რომ უკრაინის ასობით სხვა ისტორიული ძეგლიც დაზარალდა რუსეთის თავდასხმების შედეგად.
23 ივლისის ღამეს რუსეთმა ოდესაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა. დანგრეულია ექვსი სახლი. ფაქტობრივად განადგურდა ქალაქის ისტორიული, ფერიცვალების კათედრალი.