მესტიაში ამ ეტაპზე საკარანტინო რეჟიმის გამკაცრება არ იგეგმება - ტიკარაძე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მესტიაში ამ ეტაპზე საკარანტინო რეჟიმის გამკაცრების საჭიროება არაა. მისი ვარაუდით, კარანტინი რეგიონში 28 დღის მანძილზე გაგრძელდება.

დღესდღეობით გამოცხადებული საკარანტინო რეჟიმი არის საკმარისი იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგებმა იმუშაონ თავისუფლად და ჩვენ გვქონდეს სრული კონტროლი აღნიშნულ რეგიონში. სამომავლოდ გამკაცრებას არ ვგეგმავთ, ჯერ ველოდებით ტესტირების პასუხებს, რომლებიც აღებულია, - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, ნინო ვიბლიანის განცხადებით, მესტიას ვერცერთი ადამიანი 14-დღიანი კარანტინის გავლის გარეშე ვერ დატოვებს.

გუშინ მიმდინარეობდა ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა და 6 ჯგუფიდან დღეს უკვე 16 ჯგუფზეა ასული, გამოყენებულია რეგიონის სრული რესურსი ჯანდაცვის კუთხით. გუშინ აღებულია 400-მდე ბიოლოგიური ნიმუში, რომელიც PCR კვლევაზეა გადაგზავნილი, შესაბამისად ჯერ პასუხები არ გვაქვს, - თქვა ნინო ვიბლიანმა.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მომამავლში სტატისტიკის მატებას და კორონავირუსისი ყოველდღიური მაჩვენებლების ზრდას შემოდგომაზე ელიან.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში კარანტინი 10 აგვისტოს გამოცხადდა. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მას შემდეგ მიიღო, რაც მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 17 შემთხვევა დადასტურდა.

მესტიაში შესვლა და გამოსვლა შეზღუდულია, ადგილზე მუშაობას მხოლოდ ბანკები, სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და კვების ის ობიექტები აგრძელებენ, რომლებსაც ღია სივრცე აქვთ. რეგიონში მობილიზებული არიან ეპიდემიოლოგების ჯგუფები, რომლებიც PCR ტესტირებას ჩაატარებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი