ბელგიამ საქართველო უკვე 4 თვეა იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომლის მოქალაქეებსაც მათივე სამშობლოში ემუქრებათ საფრთხე და შესაბამისად ბელგიის სამეფო ვალდებულებას იღებს, ამ ადამიანების განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე არ დატოვოს უყურადღებოდ.
ერთია, რომ ბრიუსელის ეს გადაწყვეტილება ფარდას ხდის საქართველოს მოქმედი ხელისუფლების არადემოკრატიულობას, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია ეს პირდაპირი საფრთხეა იმისა, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი - ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა დაკარგოს.
თავის დროზე ევროპის ქვეყნებმა საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის პრივილეგია სწორედ იმიტომ მისცეს, რომ მთავრობას უნდა გაეგრძელებინა დემოკრატიული რეფორმები და რაც მთავარია, საქართველოში არ უნდა ყოფილიყო პოლიტიკური ანგარიშსწორება და ყველას უფლება და თავისუფლება უნდა ყოფილიყო დაცული.
ამ კრიტერიუმების გარეშე კი ევროკავშირი არც ერთ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლას არ აწესებს. საქართველოში კი პირიქით - სახეზეა დემოკრატიის გაუარესება და თავშესაფრის საძიებლად უცხოეთში წასული ჩვენი თანამოქალაქეები სულ უფრო მეტ მტკიცებულებას აჩვენებენ ევროპელ სამართალდამცველებს, რომ საქართველოში მათ პოლიტიკური მოსაზრებების გამო სდევნიან და რომ ამ რეპრესიებში ხშირად მთელი სახელისუფლებო ვერტიკალია ჩაბმულია.