
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ, დღის ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, მძიმე ბრძოლები გრძელდება კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკას მიმართულებებზე. მათივე ცნობით, დღის განმავლობაში 27 საბრძოლო შეტაკება მოხდა, რა დროსაც ოკუპანტებმა სარაკეტო შეტევა განახორციელეს უკრაინის ტერიტორიაზე, გამოიყენეს 17 ფრთოსანი და 2 ბალისტიკური რაკეტა.
უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო თავდაცვამ 9 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურა.
"გარდა ამისა, მტერმა განახორციელა 26 ავიაიერიში, გაისროლა 35 ზალპური რაკეტა უკრაინის ჯარების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებზე. არის მსხვერპლი მშვიდობიანი მოსახლეობაში, განადგურდა საცხოვრებელი კორპუსები, რელიგიური ნაგებობები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა" ნათქვამია გენშტაბის რეზიუმეში.
გენშტაბის ცნობითვე, რუსი ოკუპანტები აგრძელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის ძარცვას და უკრაინელებისგან მარცვლეულის მოსავლის მითვისებას. კერძოდ, ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ პრიშიბში ოკუპანტებმა სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ტერიტორიიდან სხვადასხვა სახის მარცვლეული კულტურებით დატვირთული სატვირთო მანქანები გაიტაცეს.
უკრაინის თავდაცვის საავიაციო ძალებმა კი დღის განმავლობაში 3 დარტყმა მიაყენეს მოწინააღმდეგის პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებს. უკრაინელმა დამცველებმა ასევე გაანადგურეს 4 სადაზვერვო თვითმფრინავი.