განიხილება თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის დაარსება, ვეძებთ შესაფერის ადგილს - ლორთქიფანიძე

გამოქვეყნდა:

საქართველოში პრიმოკოვის ცენტრის ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის დაარსება იგეგმება. მისი თქმით, უნივერსიტეტის მშენებლობისთვის შესაბამის ადგილს უკვე ეძებენ.

სასწავლო დაწესებულება სრულად რუსული მხარის მიერ დაკომპლექტდება და მისი დაფინანსებასაც ოკუპანტი ქვეყანა იღებს საკუთარ თავზე.

"ამჟამად კონკრეტულად განიხილება ქართულ-რუსული უნივერსიტეტის დაარსების საკითხი. ამ ეტაპზე ვეძებთ შესაფერის ადგილს ამ სასწავლო დაწესებულებისთვის. უნივერსიტეტში სწავლა უფასო იქნება - დაფინანსების ხარჯებს რუსეთის ფედერაცია დაფარავს. ეს იქნება უნიკალური უნივერსიტეტი, რომელიც სრულად დაკომპლექტდება რუსული მხარის მიერ.

რუსეთის ბევრ მოქალაქეში ვამჩნევ დიდ სურვილს, გადაიტანონ ბიზნესი საქართველოში, თავის მხრივ, ქართველებს შორის ბევრი ადამიანია, ვისაც სურს საკუთარი ბიზნესის წამოწყება რუსეთში. აუცილებელია, რუსეთთან განვიხილოთ ჩვენი უსაფრთხოების გარანტიებისა და ეკონომიკური პრობლემების საკითხი. დაიწყოს დიპლომატიური-პოლიტიკური დიალოგი ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისთვის, ჩვენ მათ უნდა შევუქმნათ საიმედო საფუძველი, ასე, რომ ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებას მალე მოუწევს რუსულ მხარესთან საუბარი", - თქვა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

ლორთქიფანიძე ყვება, რომ 4 ივლისს სანქტ-პეტერბურგში ქართულ-რუსული ფორუმი "დიალოგი-2023" გაიმართა, რომელსაც რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორები, ქართველი და რუსი ექსპერტები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ბიზნეს საკითხებთან ერთად განიხილეს პირდაპირი ფრენები პეტერბურგსა და თბილისს შორის, რაც ლორთქიფანიძის თქმით "მალე მოგვარდება".

"საქართველო შემობრუნების მომენტშია, უახლოეს მომავალში მოგვიწევს ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხების საბოლოოდ გადაჭრა. გეოგრაფიული პოზიციიდან გამომდინარე, საქართველოს შეუძლია და უნდა გახდეს სასარგებლო მრავალი სახელმწიფოსთვის. სირცხვილი იქნება, თუ ასეთი ქვეყანა აღმოჩნდება მიბმული ექსკლუზიურად ევროატლანტიკურ სივრცეზე, რადგან ჩვენ ვართ ცივილიზაციების გზაჯვარედინზე და შეგვიძლია ბევრად მეტი სარგებლის მოტანა. ამისათვის ჩვენ, პირველ რიგში, უნდა გავაუმჯობესოთ კეთილმეზობლობის მიმდინარე პოლიტიკა", - ამბობს ლორთქიფანიძე.

ამავე ინტერვიუში ის ამტკიცებს, რომ მთელი მსოფლიო ცდილობს რუსეთთან საქმიანი კავშირების შენარჩუნებას, ხოლო საქართველოს კრემლთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს, რადგან "გლობალურ დასავლეთს ეს არ სურს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი