
უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პერიფერიაზე, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებმა, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები აღმოაჩინეს. ექსპერტთა ჯგუფი იქ მონიტორინგის მიზნით იმყოფება. ზაპოროჟიეს ოლქის ის ნაწილი, სადაც სადგური მდებარეობს, გასული წლის მარტიდან რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
როგორც ატომური ენერგიის სააგენტოს დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, ექსპერტებმა რამდენიმე ნაღმი 23 ივლისს, სადგურის შიდა და გარე პერიმეტრს შორის მდებარე ბუფერულ ზონაში აღმოაჩინეს. მასზე სადგურის თანამშრომლებს წვდომა არ აქვთ.
გროსის თქმით, სააგენტოს გუნდმა ეს საკითხი სადგურის ხელმძღვანელობასთან განიხილა და მათ თქვეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სამხედროებმა მიიღეს.
"ადგილზე ასეთი ასაფეთქებელი ნივთიერებების არსებობა არ შეესაბამება IAEA-ს უსაფრთხოების სტანდარტებსა და ბირთვული უსაფრთხოების წესებს. ამას გარდა, ელექტროსადგურის პერსონალზე დამატებით ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს," - ამბობს გროსი.
სააგენტოს ექსპერტების წინასწარი შეფასებით, სადგურის პერიმეტრზე არსებული ნაღმების შესაძლო დეტონაციას ობიექტის ბირთვულ უსაფრთხოებაზე გავლენა არ ექნება.
თუმცა, გროსის თქმით, სააგენტოს ექსპერტები ისევ ითხოვენ წვდომას ელექტროსადგურის რეაქტორების სახურავზე და ტურბინების დარბაზებზე, მათ შორის მესამე და მეოთხე ენერგობლოკებზე, რომლებიც განსაკუთრებული ინტერესის საგანია.
შეგახსენებთ, 22 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერორისტული აქტის სცენარს განიხილავს. რუსეთმა ამას ტყუილი უწოდა და სადგურის წინააღმდეგ "პროვოკაციის მზადებაში" უკრაინა დაადანაშაულა.
4 ივლისს კი უკრაინის გენშტაბმა განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მესამე და მეოთხე ენერგობლოკების სახურავზე განათავსეს ასაფეთქებელი მოწყობილობის მსგავსი საგნები.