"საქართველოს გზა ევროკავშირისკენ" - უკვე 2 საათია რესპუბლიკაში ამ სახელწოდებით კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიებას ესწრებიან, როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციები. შეხვედრას ესწრება საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკიც.
შეხვედრის მთავარი თემა კანდიდატის სტატუსია. მხარეები მსჯელობენ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
კონფერენციაზე მმართველი გუნდი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ზის, რომლებსაც რამდენიმე თვის წინ უცხოეთის აგენტებს უწოდებდა და მათ დისკრედიტაციას კანონის გზით ცდილობდა.
რაც შეეხება ევროკომისიის რეკომენდაციებს. "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ რეკომენდაციებიდან 3 პუნქტის გარდა, ყველა შესრულებულია.
პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, შეუსრულებელი პუნქტებიდან ერთ-ერთი სასამართლო რეფორმაა. კობახიძის ამბობს, რომ რეკომენდაცია ზოგადია და მისი შესრულებისთვის კონკრეტიკაა საჭირო.
"რაც შეეხება აგენტებს, ამასთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია ცნობილია ვის ვგულისხმობთ აგენტების ქვეშ. აქ იგულისხმებიან ის სუბიექტები. რომლებიც ჩართული არიან ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება არასამთავრობო სექტორს როგორც ასეთს. რა თქმა უნდა, არის რამდენიმე მდიდარი ენჯეო, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართული ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, ისინი სცენიდან ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, რაც არაა არასამთავრობო ორგანიზაციის საქმე. საია-ს წინა თავმჯდომარემ თქვა, რომ ის არ იდგა სცენაზე და დადასტურდა, რომ არ იყო სცენაზე, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვქონდა საფუძველი, რომ მასთან ერთად დავმჯდარიყავი.
ივნისის ბოლომდე, რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, ყველაფერი გაკეთდა. რჩება 3 რეკომენდაცია, ერთი ეხება სასამართლო რეფორმას - ამაზე ჩვენ ვითხოვთ კონკრეტიკას, ჩვენ არ ვიცით ამაში რა იგულისხმება და ჯერჯერობით არ უთქვამთ არც ევროკავშირიდან, რას გულისხმობენ ფართო სასამართლო რეფორმაში. როგორც კი გვექნება კონკრეტიკა ამასთან დაკავშირებით, მაშინვე დაიწყება მსჯელობა, სწორედ იმიტომ ვერ შესრულდა ეს პუნქტი, რომ არ ვიცოდით რა იგულისხმებოდა მასში კონკრეტულად", - თქვა ირაკლი კობახიძემ.