ნიკა მელია ისევ ელექტრონული სამაჯურით გადაადგილდება. სამთვიანი ფაქტობრივი ტყვეობის შემდეგ ოპოზიციის ლიდერი მოსამართლემ კვლავ მეთვალყურეობის ქვეშ და შინაპატიმრობაში დატოვა.
სხდომა კი ხმაურის და ნიკა მელიას დარბაზიდან გაძევების ფონზე წარიმართა. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბრალდებულმა დეპუტატმა მოსამართლეს სთხოვა, ელექტრონული სამაჯურის მოხსნის საკითხზე ემსჯელა. ნიკა მელია ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვდა, რადგან სხდომაზე მყოფ დეპუტატებს, რომლებიც თავდებში უდგებოდნენ, პარლამენტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრებაზე ეჩქარებოდათ.
სიტუაცია უფრო დაიძაბა როცა ბრალდებულმა დეპუტატმა სასამართლოს ე.წ. კლანის ლიდერები ახსენა. მოსამართლე კერატიშვილი კი მათ მსახურებაში დაადანაშაულა.
ოპოზიციონერი დეპუტატი თვლის, რომ მოსამართლე „ქართული ოცნების“ მითითებებს ასრულებს. ის ასევე დარწმუნებულია, რომ ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის, მისი სამაჯურის თაობაზე, მოსამართლეს თავიდანვე მიღებული ჰქონდა.
სასამართლოს დაწესებულ შეზღუდვებზე დამორჩილებას ნიკა მელია არ აპირებს. ოპოზიციონერმა დეპუტატმა დღეს დააანონსა, რომ ხვალიდან აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას უბრუნდება.
სამი თვე სახლში გამოკეტილი დეპუტატი დღეს სასამართლოში „შმაქსით“ მივიდა. ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს, ერთი მხრივ, პროტესტი იყო დედაქალაქის მერის გადაწყვეტილების გამო და, მეორე მხრივ, კი „შმაქსის“ იდეის მხარდაჭერა.