ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველომ არასწორი მიდგომა აირჩია. მისი თქმით, ვენეციის კომისია განსხვავებულ მიდგომას გვთავაზობს და ევროკავშირი იმედოვნებს, რომ ქართული პოლიტიკური ელიტა თავის დამოკიდებულებებს სწრაფად გადახედავს.
როგორც ჰერჩინსკი ამბობს, მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენა პოლიტიკურ სისტემაზე შეუძლებელი იქნება.
"დეოლიგარქიზაცია კომპლექსური საკითხია. ეს არის პოლიტიკურ ცხოვრებაზე მდიდარი ბიზნესმენების გადაჭარბებული გავლენის საკითხი. ეს გამოწვევა მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი. ქართულმა მხარემ გარკვეული მიდგომა აირჩია. ვენეციის კომისიის ბოლო რეკომენდაციაში, რომელიც არის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დამდგენი, როდესაც საქმე ეხება იურიდიულ საკითხებს, ძალიან გარკვევით არის აღნიშნული, რომ საქართველოს მიერ არჩეული მიდგომა არ არის სწორი.
კომისია მიუთითებს, რომ ეს მიდგომა რეალურად შეიცავს ბევრ რისკს. ვენეციის კომისია კი სთავაზობს განსხვავებულ მიდგომას, სისტემურ მიდგომას და ევროკავშირი გულწრფელად იმედოვნებს, რომ ქართული პოლიტიკური ელიტა სწრაფად გადახედავს თავის დამოკიდებულებას და გამოვა ხედვით, თუ როგორ უნდა მოგვარდეს საქართველოში ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენის საკითხი სისტემური მიდგომით. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ ცალკეულ პირებზე, ჩვენ არ ვსაუბრობთ სახელებზე, არამედ ჩვენ ვსაუბრობთ ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელშიც ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენა შეუძლებელი ან ძალიან რთული იქნება," - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
ცნობისთვის, დღეს კონფერენცია სახელწოდებით "საქართველოს გზა ევროკავშირისკენ" გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციები. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკიც.
მისი შეფასებით, მედიათავისუფლებისა და დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციებზე დაჩქარებაა საჭირო.
ევროკომისიის თანახმად, 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ სამია სრულად შესრულებული. დანარჩენ 7 რეკომენდაციასთან დაკავშირებით არსებობს "გარკვეული პროგრესი."