რუსეთი შავ ზღვაში კომერციული გემების დაკავებას შეეცდება - ბრიტანული დაზვერვა

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა "მარცვლეულის შეთანხმების" შეჩერების შემდეგ თავისი პოზიცია შეცვალა. 

კერძოდ, რუსეთმა სამხედრო ხომალდი "სერგეი კოტოვი" ბოსფორის სრუტესა და ოდესას შორის პატრულირებისთვის, შავი ზღვის სამხრეთ ნაწილში გაგზავნა. როგორც ბრიტანული დაზვერვა ვარაუდობს, ამის შემდეგ რუსეთი შეეცდება იმ კომერციული გემების დაკავებას, რომლებიც, მისი აზრით, უკრაინისკენ მიემართებიან.

"თანამედროვე სამხედრო ხომალდი "სერგეი კოტოვი" განლაგდა შავ ზღვაში, სამხრეთით და პატრულირებს გემების ხაზს ბოსფორსა და ოდესას შორის. არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ის შევა ოპერატიულ ჯგუფში და დააკავებს იმ კომერციულ გემებს, რომლებსაც, რუსეთი მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიემართებიან.

"მარცვლეულის შეთანხმებამ" შავი ზღვის ომში ჩართვის შესაძლებლობა შეამცირა, ახლა კი ამ რეგიონში არსებობს ძალადობის ინტენსივობისა და მასშტაბის გაზრდის პოტენციალი," - წერს ბრიტანული დაზვერვა.

რაც შეეხება "მარცვლეულის შეთანხმებას," ის რუსეთმა 17 ივლისს შეაჩერა. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მისი შეჩერების მიზეზი რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმების ნაწილის შეუსრულებლობა იყო. შეთანხმება 2022 წლის ივლისში გაეროს და თურქეთის შუამავლობით, უკრაინასა და რუსეთს შორის სტამბოლში დაიდო და უკრაინიდან ხორბლისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტს ითვალისწინებდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი