შვედეთი ამტკიცებს, რომ "რუსეთის მხრიდან მხარდაჭერილი აქტორების" მიერ დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნეა. კრემლის მიზანია, შელახოს NATO-ს წევრობის კანდიდატის იმიჯი იმით, რომ თითქოს მხარს უჭერს ყურანის დაწვას. განცხადება სამოქალაქო თავდაცვის მინისტრმა გააკეთა.
ქვეყანა საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც შვედეთში დემონსტრანტებმა ყურანი დაწვეს, რამაც მუსულმანების აღშფოთება გამოიწვია.
"შვედეთი არის დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე, რომელსაც სახელმწიფო აქტორები უჭერენ მხარს ქვეყნისა და შვედეთის მოქალაქეების ინტერესებისთვის ზიანის მიყენების მიზნით. ვხედავთ, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სუბიექტები ავრცელებენ ცრუ განცხადებებს, თითქოს შვედეთის სახელმწიფო დგას წმინდა წერილების შეურაცხყოფის უკან. ეს, ბუნებრივია, მცდარია. ასეთი სახელმწიფო აქტორები ცდილობენ, შექმნან განხეთქილება და შეასუსტონ შვედეთის საერთაშორისო პოზიცია", - განაცხადა კარლ-ორკარ ბოლინმა.
სტოკჰოლმში რუსეთის საელჩოს ბრალდებებისთვის არ უპასუხია.
"რუსეთი იყენებს ამ შესაძლებლობებს მედიაში საკუთარი დღის წესრიგის შესაქმნელად და მიზანი, რა თქმა უნდა, არის დასავლეთისგან დაშორება და ქვეყნის შიგნით განხეთქილების გამოწვევა", - განაცხადა შვედეთის ფსიქოლოგიური თავდაცვის სააგენტოს სპიკერმა.
შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების სურვილი მას შემდეგ გამოხატა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.