ფინეთი, შვეიცარია და შვედეთი შესაძლოა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პარტნიორობის პროგრამას შეუერთდნენ. ამის შესახებ ხუთშაბათს აშშ-ის ეროვნული გვარდიის მეთაურმა, დენ ჰოკანსონმა განაცხადა. გადაწყვეტილება ისტორიულად ნეიტრალურმა ქვეყნებმა რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე მიიღეს.
ჰოკანსონმა განაცხადა, რომ ამერიკული მხარე აწარმოებს მოლაპარაკებებს ფინეთთან, შვეიცარიასთან და შვედეთთან, რათა გააძლიეროს უსაფრთხოების პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან.
მისი თქმით, ფინეთმა და შვედეთმა, რომლებმაც უკვე თქვეს უარი ნეიტრალურ სტატუსზე, "ახლა პარტნიორულ მოლაპარაკებებში არიან" და შვეიცარია "ახლა განიხილავს ურთიერთობას, რომელიც სხვა ქვეყნებს აქვთ ეროვნულ გვარდიასთან და აფასებს მომავალში ასეთი პროგრამის შესაძლებლობას".
აშშ-ის ეროვნული გვარდიის სახელმწიფო პარტნიორობის პროგრამა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომლითაც აშშ-ს ჯარები ამყარებენ ურთიერთობებს უცხოელ სამხედროებთან რეგულარული მომზადებისა და საგანმანათლებლო გაცვლის გზით ახალგაზრდა ოფიცრებთან.
ის ითვალისწინებს პარტნიორობის დამყარებას აშშ-ის ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებსა და მასპინძელ ქვეყნებს შორის. ეს შეიძლება დაეხმაროს უცხოელ სამხედროებს, უკეთ დაგეგმონ საკუთარი ოპერაციები დასავლური დოქტრინის შესაბამისად.
აშშ-ს ეროვნული გვარდიის პარტნიორობის პროგრამა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო. უკრაინა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც შეუერთდა პროგრამას კალიფორნიის ეროვნულ გვარდიასთან პარტნიორობით.