დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე, რომელიც ოჯახის მოწვევით იყო საქმეში ჩართული, ამბობს, რომ დაზიანებები რომლებიც შაქარაშვილს ქონდა მიყენებული, ვერ გახდებოდა გარდაცვალების მიზეზი, წყალში რომ არ მოხვედრილიყო.
თუკი შაქარაშვილი წყალში არ მოხვდებოდა, ჩათვალეთ, რომ ის იქნებოდა ცოცხალი.. რეალურად, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. იყო თუ არა რესურსი, რომ ყოფილიყო შოკურ მდგომარეობაში, ამაზე ჩვენ ვმსჯელობთ ესპერტიზის მეორე ნაწილში, სადაც ველოდებით ექიმ-კლინიცისტების პოზიციას, - ამბობს ექსპერტი.
19 წლის ფეხბურთლის დაღუპვაზე კითხვები აქვს ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელს მარიამ ჯიშკარიანს. მისი თქმით, ისევ გაუგებარია, რა ვითარებაში გარდაიცვალა გიორგი შაქარაშვილი. ჯიშკარიანი ამბობს, რომ პროკურატურის გუშინდელი განცხადება და კომპლექსური საექსპერტო დასკვნა, რომელიც ასევე გუშინ გამოქვეყნდა, ბევრ კითხვაზე პასუხს ვერ იძლევა.
6 უმნიშვნელოვანეს შეკითხვაზე, რომლებიც ეხება უშუალოდ სიკვდილის გარემოებებს, ანუ როდის დადგა სიკვდილი, რას ნიშნავს სიკვდილისწინა ახლო მოკლე პერიოდი, ხანდაზმულობა სიცოცხლისდროინდელი სისხლნაჟღენთების და იმყოფებოდა თუ აარ 4 დღის განმავლობაში შაქარაშვილის სხეული წყალში, ამ შეკითხვებზე პასუხი ჯერ კიდევ არ არის. ადამიანი ჯანმრთელ მდგომარეობაში, 169 სმ სიმაღლის ადამიანი, პრაქტიკულად 2 მეტრიან წყალში ჯანმრთელი სპორტსმენი, ვერ დაიხრჩობოდა, თუნდაც მას ცურვა არ სცოდნოდა, - ამბობს ჯიშკარიანი.
შეგახსენებთ, რომ დღეს პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე ხუთი პირის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და სპეციალურ ბრიფინგზე აღადგინა ფეხბურთელის დაღუპვის სცენა.
19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.