ნიგერში სამხედრო გადატრიალების ხელმძღვანელმა, გენერალმა აბდურაჰმან ჩიანმა, თავი ქვეყნის ლიდერად გამოაცხადა.
ქვეყნის პრეზიდენტი მოჰამედ ბაზუმი კვლავ საკუთარი დაცვის ტყვეობაში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
62 წლის გენერალი ჩიანი 2011 წლიდან პრეზიდენტის გვარდიას ხელმძღვანელობდა, 2018 წელს ყოფილმა პრეზიდენტმა მაჰამადუ ისუფუმ ის გენერლის წოდებით დააწინაურა.
ნიგერში სამხედრო გადატრიალება 27 ივლისს დაიწყო. გადატრიალების შესახებ სამხედროებმა ეროვნული ტელევიზიის პირდაპირ ეთერში განაცხადეს. როგორც მათ სატელევიზიო მიმართვის დროს თქვეს, გააუქმეს კონსტიტუცია, შეაჩერეს ყველა ინსტიტუტის მუშაობა და ჩაკეტეს ქვეყნის საზღვრები.
სამხედრო გადატრიალება დაგმეს საერთაშორისო აქტორებმა, მათ შორის, აფრიკის კავშირი, დასავლეთ აფრიკის რეგიონალური ბლოკმა, ევროკავშირმა და გაერომ. მომხდარს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენიც გამოეხმაურა. როგორც ბლინკენმა თქვა, ნიგერი აფრიკაში ამერიკის უახლოესი მოკავშირეა და მის პრეზიდენტს "ურყევი მხარდაჭერა" აღუთქვა. ჯარისკაცების სატელევიზიო განცხადების შემდეგ ბლინკენმა მოუწოდა, გათავისუფლდეს პრეზიდენტი.