ქართული ოცნების თავმჯდომარე უკვე მერამდენედ და საჯაროდ იცავს ყველაფერს, რაც რუსეთის ინტერესებში შედის. ამჯერად კობახიძე ღიად იცავს რუსებს - ქართველებს კი ბრიყვებად და უგუნურებად მიიჩნევს. ლაპარაკია რუსებზე, რომლებიც არ აღიარებენ ოკუპაციას და ქართველების ეთნიკურ წმენდას და ქართველებზე, რომლებიც აპროტესტებენ ამ ადამიანების თავხედურ სტუმრობას საქართველოში.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ქაჯობას უწოდებს ბათუმში რუსული საკრუიზო ლაინერის მგზავრებისთვის საპროტესტო აქციის გამართვას.
უფრო მეტიც - ის ქაჯობას უწოდებს საქართველოს უახლესი ისტორიის ყველა ეპიზოდს, როდესაც ქართველები რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ვიბრძოდით. მმართველი პარტიის ლიდერი უკვე მერამდენედ უბრუნდება კრემლის რიტორიკას, რომ ომი 2008 წლის აგვისტოში ჩვენ დავიწყეთ და ამისთვის დავისაჯეთ. და 90-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაწყებულ შეიარაღებულ დაპირისპირებაშიც ვერ ხედავს რუსულ კვალს და კვლავ ქართველებს ადანაშაულებს.