ქართულ ოცნებას ქვეყნის საგარეო პოლიტიკა კრემლისთვის სასურველ ფორმატში გადაჰყავს. დასავლეთთან ურთიერთობის დაძაბვის და ოკუპანტ რუსეთთან ღია ურთიერთობის შეზღუდვის პირობებში ბიძინა ივანიშვილის კლანი კრემლის ყველაზე საიმედო გლობალურ პარტნიორთან იწყებს თანამშრომლობას. ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჩინეთი საქართველოს ახალ სტრატეგიულ პარტნიორად გამოაცხადა. რაც საქართველოსთვის შეუძლებელს ხდის ორმაგ თამაშს - ანალიტიკოსები ერთხმად ადასტურებენ, რომ მსოფლიო გეოპოლიტიკურ წესრიგში შეუძლებელია ერთდროულად დასავლეთის და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა და საქართველოს პრემიერის დღევანდელი განცხადება დიდი ალბათობით საგარეო პოლიტიკური კურსის კორექციის მიმანიშნებელი უნდა იყოს.