სერჟანტ როინ შავაძის მიმართ უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე პროკურატურამ 8 ადამიანი დააკავა, ორი პირის - თეიმურაზ პატარიძისა და ყოფილი სპეცრაზმელის, გიორგი არაბულის მიმართ კი ძებნა გამოცხადდა.
საქმე ეხება 2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე დღეში, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის მკვლელობას.
მაშინ გავრცელდა ვერსია, თითქოს არსებობდა ინფორმაცია, რომ როინ შავაძე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა. პროკურატურის მტკიცებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა მისი დაკავება ბათუმში 16 აგვისტოს გადაწყვიტა, აყვანისას სპეცრაზმელებმა ის სასტიკად სცემეს, მოგვიანებით კი, ინსცენირება გააკეთეს, თითქოს შავაძე გაქცევას ცდილობდა და ესროლეს.
ამ საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განაახლა. სტრასბურგმა სამი წლის წინ დაადგინა, რომ როინ შავაძის მიმართ დაირღვა სიცოცხლის უფლება
დაკავებული სპეცრაზმელების უფლებადამცველები ამბობენ, რომ საქმეზე 15 წლის შემდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება იმ კამპანიასთანაა დაკავშირებული, რასაც ხელისუფლება აგვისტოს ომსა და ზოგადად აგვისტოს ომის გმირებთან დაკავშირებით აწარმოებს.
აღსანიშნავია რომ ყველა დაკავებული აგვისტოს ომის ვეტერანია, საქმეზე ბრალდებულები არაერთხელ არიან დაკითხული და გამოძიებისთვის ჩვენებაც აქვთ მიცემული, რასაც პროკურატურა აქამდე იზიარებდა და მათ მიმართ არანაირი სადამსჯელო ღონისძიება არ გამოუყენებია. თავად სტრასბურგის გადაწყვეტილება კი სამი წლის წინ გამოცხადდა.
თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა სულ 10 პირის მიმართ დაიწყო, აღკვეთი ღონისძიების შეფარდებისთვის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.
იხილეთ: