ავსტრალიაში ქუინსლენდის სანაპიროსთან სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. მაშველები ოთხ ადამიანს ეძებენ.
შემთხვევა პარასკევს, 28 ივლისს ღამით ლინდემანის კუნძულის მახლობლად ავსტრალიელ და ამერიკელ სამხედროებს შორის ღამის წვრთნების დროს მოხდა.
ქვეყნის თავდაცვის მინისტრის თქმით, მომხდარის შემდეგ სამძებრო სამაშველო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო. მისივე თქმით, ვერტმფრენი კუნძულთან ადგილობრივი დროით 22:30-ზე ჩამოვარდა.
"ჩვენი იმედები და ფიქრები ეკიპაჟებთან და მათ ოჯახებთანაა. ვიმედოვნებთ, რომ გვექნება უკეთესი ამბები დღის განმავლობაში", - თქვა მან და აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მიაწვდიან.
თავდაცვის სამინისტრომ წვრთნები, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ ჯარისკაცები იაპონიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და სამხრეთ კორეიდან, შეაჩერა.