როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ათივე პირს მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

გამოქვეყნდა:

სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ რვავე პირს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ქეთევან ჯაჭვაძემ აღკვეთის ღონისძიების სახით 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა კიდევ 2 ბრალდებულს, რომლებზეც ამ დროისათვის ძებნაა გამოცხადებული.

არც ერთი დაკავებული წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

მომდევნო სასამართლო სხდომა 18 სექტემბერს ჩაინიშნა. 

ყოფილი სპეცრაზმელების დაკავების შესახებ პროკურატურამ ინფორმაცია გუშინ, 28 ივლისს გაავრცელა. ძებნა გამოცხადდა კიდევ ორ პირზე  თეიმურაზ პატარიძესა და გიორგი არაბულზე.

ამ საქმეზე  გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განაახლა. სტრასბურგმა სამი წლის წინ დაადგინა, რომ როინ შავაძის მიმართ დაირღვა  სიცოცხლის უფლება.

ყველა დაკავებული  აგვისტოს ომის ვეტერანია, საქმეზე ბრალდებულები არაერთხელ არიან დაკითხული და გამოძიებისთვის ჩვენებაც აქვთ მიცემული, რასაც პროკურატურა აქამდე იზიარებდა და მათ მიმართ არანაირი სადამსჯელო ღონისძიება არ გამოუყენებია. თავად სტრასბურგის გადაწყვეტილება კი სამი წლის წინ გამოცხადდა.  

სერჟანტი როინ შავაძე 2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე დღეში, 16 აგვისტოს მოკლეს.  

მაშინ გავრცელდა ვერსია, თითქოს არსებობდა ინფორმაცია, რომ შავაძე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა. პროკურატურის მტკიცებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა მისი დაკავება ბათუმში 16 აგვისტოს გადაწყვიტა, აყვანისას სპეცრაზმელებმა ის სასტიკად სცემეს, მოგვიანებით კი, ინსცენირება გააკეთეს, თითქოს შავაძე გაქცევას ცდილობდა და ესროლეს. 

პროკურატურა დაკავებულებს ედავება ჯგუფურად ჩადენილ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობას, განზრახ უკანონო დაკავებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას- ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით და
დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფას.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი