
Українська правда-ს ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ამ თვეში უკვე მესამედ შეუტიეს შავ ზღვაში მდებარე კუნძულ ზმეინს ("გველების კუნძულს"). შეტევა ტაქტიკური თვითმფრინავით განხორციელდა და ოკუპანტებმა კუნძულის მიდამოში ორი უცნობი ტიპის საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს.
შეგახსენებთ, 2022 წლის 30 ივნისს რუსმა დამპყრობლებმა შავ ზღვაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და დროებით ოკუპირებული კუნძული ზმეინი დატოვეს. როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რუსმა ოკუპანტებმა საარტილერიო, სარაკეტო და საავიაციო დარტყმებს ვერ გაუძლეს და კუნძული ამიტომ დატოვეს.
ეს კუნძული უკრაინის წინააღმდეგობის სიმბოლოდ ომის პირველივე დღეებში იქცა, როცა უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსეთის ფლოტის ერთ-ერთ ფლაგმანს, 24 თებერვალს დანებების მოთხოვნაზე განუცხადეს: "Русский военный корабль, иди на х*й!"
თავდაპირველად კიევმა განაცხადა, რომ 13-ვე ჯარისკაცი, რომლებიც კუნძულს იცავდნენ, დაიღუპა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ისინი ტყვედ აიყვანეს. პატიმრების გაცვლის შედეგად უკრაინელებმა ყველა მათგანი გაათავისუფლეს.