რუსული საკრუიზო ლაინერი "ასტორია გრანდე" ბათუმის პორტში აქციის ფონზე შევიდა. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მოქალაქეები იმყოფებიან, რომლებიც ქვეყანაში 800-ზე მეტი რუსის შემოსვლას აპროტესტებენ.
ბათუმის პორტში ამ წუთებშიც ისმის საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები. აქციის მონაწილეები რუსებს საქართველოს, უკრაინის და ევროკავშირის დროშებით დახვდნენ.
ადგილზე ისმის შეძახილები "წადი, წადი", "პუტინ ხ*ილო", "საქართველოს გაუმარჯოს".
სამოქალაქო აქტივისტებს გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით "რუსეთი ოკუპანტია".
მანამდე კი ბათუმის პორტთან აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე გამოჩნდნენ რობოკოპები და სპეცრაზმიც. მობილიზებულმა პოლიციამ აქციის მონაწილეებს პორტის ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა არ მისცა, რასაც ხმაური და დაძაბულობა მოჰყვა - შედეგად, პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.
ცნობისთვის, მანამდე, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა, რომლებსაც ოკუპაციის კანონი დარღვეული აქვთ. ბათუმის პორტში მოქალაქეები საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, კომპანია, რომელიც საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს ფლობს, აშშ-სა და უკრაინის მიერაა სანქცირებული.
იხილეთ ასევე:
ფოტო: გელა ხასაია