გაჩნდება თუ არა ქვეყანაში ახალი კლასტერი - ეპიდემიოლოგების ყურადღება ყაზბეგის რეგიონისკენაა მიმართული. სპეციალისტები აქ ღრმა კვლევებს აწარმოებენ. კორონავირუსი ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის მესაზღვრეებს გუშნ, 11 აგვისტოს დაუდასტურდათ. ასევე კოვიდ 19 გამოუვლინდა შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის 11 თანამშრომელს, მათ შორისაა ლარსის საბაჟო პუნქტის შვიდი თანამშრომელი.
კვლევები სტეფანწმინდის რამდენიმე სოფელში მიმდინარეობს. ლარსის საბაჟოს თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ლარსის საბაჟოზე მძღოლებს უტარდებათ თერმოსქრინინგი, მათ აფრთხილებენ, რომ გარკვეული დროის გატარება ქვეყნის ტერიტორიაზე მოუწევთ.
ახლა, ანალიზები რომ აგვიღეს, 72 საათში საზღვარი თუ ვერ გადმოვკვეთეთ, ისევ ანალიზები უნდა ავიღოთ, - ამბობს საბაჟოზე მყოფი ერთერთი ავტომობილის მძღოლი.
ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ პიროვნება, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მათ სოფელში იყო სტუმრად.
მესტიაში კი ამ დროისთვის 1400-მდე ტესტია აღებული და ცნობილია 450 პასუხი, საიდანაც 30 პასუხი კოვიდ დადებითი აღმოჩნდა. პრემიერის მრჩეველი რეგიონების საკითხებში სოზარ სუბარი, რომელიც ამჟამად მესტიაში იმყოფება, მოსახლეობას მოუწოდებს, რომ თუ სიცხე აღენიშნებათ, ექიმებს მიაკითხონ ან ცხელ ხაზზე მაინც დარეკონ.
ერთმა უყურადღებობამ გამოიწვია ის, რომ 30 ადამიანი უკვე ინფიცირებულია, - განაცხადა მან.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული ნინო ვიბლიანი ამბობს, რომ ვინაიდან 12 ახალი შემთხვევა ისევ ლენჯერის თემს უკავშირდება, საგანგებო შტაბის გადაწყვეტილებით ლენჯერის თემში მოძრაობის გამკაცრების გადაწყვეტილებაა მიღებული.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში კარანტინი 10 აგვისტოს გამოცხადდა. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მას შემდეგ მიიღო, რაც მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 17 შემთხვევა დადასტურდა.
მესტიაში შესვლა და გამოსვლა შეზღუდულია, ადგილზე მუშაობას მხოლოდ ბანკები, სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და კვების ის ობიექტები აგრძელებენ, რომლებსაც ღია სივრცე აქვთ. რეგიონში მობილიზებული არიან ეპიდემიოლოგების ჯგუფები, რომლებიც PCR ტესტირებას ჩაატარებენ.