ბათუმში, აქციის მონაწილეებმა გოგებაშვილის ქუჩა გადაკეტეს და რუსი ოკუპანტებისთვის განკუთვნილ ავტობუსს პორტის ტერიტორიაზე მისვლის საშუალებას არ აძლევენ. სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ავტობუსს წინ გადაუდგნენ, გზის სავალ ნაწილზე დასხდნენ და ტრანსპორტის გადაადგილებას ასე აფერხებენ.
მანამდე პორტის მიმდებარედ ხმაური და დაპირისპირება იყო. პოლიციელებმა აქციის რამდენიმე მონაწილე ძალის გამოყენებით დააკავეს.
შეგახსხენებთ, რომ რუსული საკრუიზო ლაინერი "ასტორია გრანდე" ბათუმის პორტში აქციის ფონზე შევიდა. მათ სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მოქალაქეები დახვდნენ, რომლებიც ქვეყანაში 800-ზე მეტი რუსის შემოსვლას აპროტესტებენ.
ბათუმის პორტში ამ წუთებშიც ისმის საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები. აქციის მონაწილეები რუსებს საქართველოს, უკრაინის და ევროკავშირის დროშებით დახვდნენ.
მანამდე კი ბათუმის პორტთან აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე გამოჩნდნენ რობოკოპები და სპეცრაზმიც. მობილიზებულმა პოლიციამ აქციის მონაწილეებს პორტის ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა არ მისცა, რასაც ხმაური და დაძაბულობა მოჰყვა - შედეგად, პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.
ცნობისთვის, მანამდე, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა, რომლებსაც ოკუპაციის კანონი დარღვეული აქვთ. ბათუმის პორტში მოქალაქეები საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, კომპანია, რომელიც საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს ფლობს, აშშ-სა და უკრაინის მიერაა სანქცირებული.