"ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზის საბოტაჟი მოახდინოს, მათ რუსული გზა აირჩიეს | ნიკა გვარამიას ინტერვიუ იტალიურ გაზეთთან

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება"  ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ საბოტაჟს ახდენს და ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთის ორბიტაზე დაბრუნდეს" - ამის შესახებ "მთავარის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია იტალიურ გაზეთ "ფოლიო"-სთან ინტერვიუში საუბრობს.

მისი თქმით, ივანიშვილი დარწმუნებულია პუტინის დაუმარცხებლობაში და ცდილობს, რომ საქართველო რუსეთი გავლენის სფეროში მოაქციოს, რომ საკუთარი ქონება დაიცვას.

ნიკა გვარამია ინტერვიუში აცხადებს, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, მას საქართველოს ევროპული მომავლის სჯერა

"საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება“ უძღვება, ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის საბოტაჟი მოახდინოს. თუმცა, ისინი ამის ისე გაკეთებას ცდილობენ, თითქოს ეს ევროკავშირი ეუბნება უარს საქართველოს. ყოველთვის, როდესაც ევროკავშირი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან ახლოსაა, ისინი აკეთებენ ისეთ რამეს, რაც ბრიუსელისთვის მიუღებელია. ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი იყო ჩემი დაპატიმრება, რასაც მოჰყვა რუსული კანონპროექტი, შემდეგ რუსეთთან ფრენების აღდგენა და შემდეგი ნაბიჯი შეიძლება სააკაშვილთან იყოს დაკავშირებული. მათ დასასჯელად, ევროკავშირმა მაინც უნდა მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ისინი ამას გამარჯვებად მონათლავენ, მაგრამ შორეულ პერსპექტივაში ეს მათ კრიზისამდე მიიყვანს, რადგან ქართულმა ოცნებამ რუსული გზა აირჩია.

მოდი, პირდაპირ ვთქვათ: საქართველოში მმართველობის პრობლემები არ არის. პრობლემა რუსული გავლენაა. ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ყველა სხვა რუსმა ოლიგარქმა 90-იანებში, ფული იშოვა რუსეთში და ის თვლის, რომ პუტინი დაუმარცხებელია. ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა და მთელი დასავლეთი დამარცხდება პუტინთან, ამიტომ ახლა ცდილობს, რომ საქართველო რუსულ ორბიტაზე დააბრუნოს.

 ოპოზიცია ახლა კარგად უნდა მოემზადოს და გამოაჩინოს ახალი სახეები იმ ახალგაზრდობიდან, რომელსაც ყოველდღიურად ვხედავთ ქუჩებში. ქართული ოცნება კვლავ შეეცდება ხმების მოპარვას, მაგრამ ამჯერად დასავლეთმა უნდა გააკეთოს უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ ხმის ამაღლებაა, როგორც ეს 2020 წელს მოხდა.

2012 წელს, როდესაც ჰილარი კლინტონმა თავად მოუწოდა სააკაშვილს, ეღიარებინა არჩევნების შედეგები და მშვიდობიანად გადაეცა ხელისუფლება და მიშამ მაშინ ეს გააკეთა. იმედი მაქვს, 2024 წელსაც იგივე მოხდება" - თქვა ნიკა გვარამიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი