
აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ განცხადებას ეხმაურება.
დიპლომატის თქმით, ჩინეთის "ერთი სარტყელის ინიციატივას" ბევრმა ქვეყანამ შეაქცია ზურგი, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, ვინ უნდა იყოს მისი პარტნიორი და როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ჩინეთთან.
"საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ქვეყანას ჩინეთთან. უნდა აღინიშნოს, რომ ბევრმა ქვეყანამ შეაქცია ზურგი სარტყელისა და გზის ინიციატივას, რადგან, როგორც გაირკვა, ეს ინიციატივა არ არის სარგებლიანი, მაგრამ თუ საქართველოს მთავრობა თვლის, რომ ის სარგებლის მომტანია, ეს მათი საქმეა და იმედი მაქვს, რომ კარგი შედეგები იქნება. ასეა თუ ისე, ეს იყო მნიშვნელოვანი ვიზიტი საქართველოსთვის და თავად საქართველოს გადასაწყვეტია ვინ უნდა იყოს მისი პარტნიორი. აშშ იყო და დარჩება საქართველოს მხარდამჭერად და ეს ის პარტნიორობაა, რომელმაც ნამდვილად მოიტანა ხელშესახები სარგებელი საქართველოსთვის," - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
ცნობისთვის, ჩინეთში საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის შემდეგ, ორმა ქვეყანამ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა.
სტრატეგიული პარტნიორობა 4 ძირითადი კომპონენტისგან შედგება - პოლიტიკური, ეკონომიკური, ხალხთა შორისი და კულტურული ურთიერთობის და საერთაშორისო განზომილება.