თურქული "ბაირაქტარი" უკრაინაში დრონების შემკეთებელ ქარხანას ააშენებს. კომპანიასა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შორის შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა.
უკრაინის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმება უკრაინისა და თურქეთის მთავრობებს შორის მაღალი ტექნოლოგიების, საავიაციო და კოსმოსური მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმების გაგრძელებაა.
"სერვის ცენტრის შექმნა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში და ხელს შეუწყობს ჩვენი გამარჯვების მოახლოებას. ერთობლივი პროექტი საფუძველს ჩაუყრის ჩვენი სისტემის მუშაობას, შექმნის სამუშაო ადგილებს უკრაინაში. ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, ცენტრი უახლოეს მომავალში შეიქმნება", - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა კოსტიანტინ ვაშჩენკომ.
ვაშჩენკომ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ამჟამინდელი პოლიტიკა მიზნად ისახავს საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერებას სამხედრო ტექნიკის შეკეთებაში და ეს ეხება არა მხოლოდ თვითმფრინავებს, არამედ ჯავშანმანქანებსა და საბრძოლო სხვა საშუალებებს.