არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ინფორმაციით, ივნისში კომპანია "ბონდი-2009"-ის მფლობელებმა, ოთარ ფუტკარაძემ და დავით დევაძე, "ქართულ ოცნებას" 100 000 ლარი შეწირეს, ამავე პერიოდში კომპანიამ 35 მლნ ლარის ტენდერი მოიგო
როგორც არასამთავრობო ორანიზაცია წერს, 2023 წლის პირველი აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით "ქართულ ოცნებას" 108 000 ლარი შესწირეს.
ორგანიზაციის ცნობითვე, საანგარიშო პერიოდში მმართველ პარტიას სულ სამი დონორი ჰყავდა, მათგან ორი - ოთარ ფუტკარაძე და დავით დევაძე ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ნუკრი დოლიძის ბიზნესპარტნიორები არიან. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამავე პერიოდში მათმა საერთო კომპანიამ "ბონდი-2009" 35 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ტენდერი მოიგო.
"ოთარ ფუტკარაძემ და დავით დევაძემ ერთსა და იმავე დღეს, 6 ივნისს, „ქართულ ოცნებას“ ჯამში 100,000 ლარი შეწირეს. ფუტკარაძეს 2021 წელსაც ჰქონდა მმართველი პარტიისთვის 60,000 ლარი შეწირული. დევაძე და ფუტკარაძე სამ კომპანიაში არიან პარტნიორები: შპს „ფიშ პოინტი“, შპს „მეთევზეთა გაერთიანება“ და „შპს ბონდი-2009“. განსაკუთრებით საინტერესოა „ბონდი-2009“, სადაც მათი კიდევ ერთი პარტნიორი ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი ნუკრი დოლიძეა. მიმდინარე წლის მარტი-ივნისის პერიოდში კომპანიამ „ბონდი-2009“ 35 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები მოიგო. 2012 წლიდან „ბონდი-2009“-ს ჯამში 190 მილიონ ლარამდე ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული და 800,000 ლარზე მეტი გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიღებული, ხოლო ამ კომპანიის პარტნიორებს „ქართული ოცნებისთვის“ ჯამში 270,000 ლარი აქვთ შეწირული", - წერს ორგანიზაცია.