დიდმა ბრიტანეთმა რუსი ოპოზიციონერის, ვლადიმირ კარა-მურზას საქმის მოსამართლეები და პროკურორები დაასანქცირა. განცხადების თანახმად, ზომების მიღების საფუძველი "პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულებაა". სანქციები ითვალისწინებს მოსამართლეების აქტივების გაყინვას, მათ ასევე აეკრძალებათ ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლა.
კარა-მურზას, რომელიც რუსეთისა და ბრიტანეთის ორმაგი მოქალაქეა, სასამართლომ 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა სახელმწიფო ღალატისა და სხვა ბრალდებებისთვის.
"კარა-მურზა, ბრიტანეთის ორმაგი მოქალაქე, იდევნება რუსეთის რეჟიმის მიერ ომის საწინააღმდეგო პოზიციის გამო", - ნათქვამია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის განცხადებაში.
სანქციები დაუწესდა ორი პროკურორსა და "ექსპერტი მოწმეს", რომლებსაც ბრიტანეთი კარა-მურზას დაკავების ცრუ დასაბუთებას ედავება.
"ეს არის სასოწარკვეთილი და უსაფუძვლო. კარა-მურზა სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს", - წერს ბრიტანეთის პრემიერი, რიში სუნაკი სოციალურ ქსელში.
კარა-მურზა უკრაინაში ომის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ დააკავეს, შეიარაღებული ძალების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს და "უცხოურ აგენტად" გამოაცხადეს. ის დააკავეს რამდენიმე საათის შემდეგ, რაც CNN-მა გაავრცელა ინტერვიუ, რომელშიც მან თქვა, რომ რუსეთს "მკვლელთა რეჟიმი" მართავს.
მოგვიანებით, კარა-მურზას ბრალი წაუყენეს ღალატში ომის შესახებ გამოსვლების გამო, მათ შორის არიზონას წარმომადგენელთა პალატაში 2022 წლის მარტში, სადაც მან თქვა, რომ პუტინი ბომბავდა უკრაინის სახლებს, საავადმყოფოებსა და სკოლებს.