რუსეთმა ბალტიის ზღვაში სამხედრო-საზღვაო წვრთნები სახელწოდებით "ოკეანის ფარი 2023" დაიწყო. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ წვრთნები მიზნად საზღვაო ძალების მზადყოფნის შესამოწმებლად ოპერატიულად მნიშვნელოვან ზონაში "ეროვნული ინტერესების დაცვას" ისახავს.
"2 აგვისტოდან ბალტიის ზღვის წყლებში საზღვაო ძალების მთავარსარდლის, ადმირალ ნიკოლაი ევმენოვის ხელმძღვანელობით, საზღვაო სწავლება - "Океанский щит 2023" იწყება," ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების თქმით, სწავლებაში მონაწილეობას 30-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი და კატარღა, 30 საფრენი აპარატი და ექვსი ათასი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს. სამხედრო წვრთნის ფარგლებში, ბალტიის ზღვის აკვატორიაში ჩატარდება 200-ზე მეტი საბრძოლო მანევრი, მათ შორის იარაღის პრაქტიკული გამოყენებით.