სავარაუდო კორუფციული გარიგებები, საწვავის, ანაზღაურების, ტელეფონისა და მივლინების გაზრდილი ხარჯები - საკრებულოების მუშაობა 2022 წელს

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ"  ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის, ქუთაისის და ახალციხის საკრებულოების 2022 წლის საქმიანობა შეაფასა.

არასამთავრობო ორგანიზაცია რამდენიმე ძირითად პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის, აღმასრულებელ ორგანოებსა და მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე სუსტ ზედამხედველობასა და თანამდებობის პირებსა თუ ცალკეულ უწყებებზე ფორმალურ კონტროლზე, თუმცა, ანგარიშის თანახმად, "ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რომელმაც წინა პერიოდთან შედარებით გააუმჯობესა საზედამხედველო ფუნქციები". ზუგდიდის საკრებულოს უმრავლესობაში ოპოზიციური პარტიები არიან.

"გამოვავლინეთ სახელმწიფო შესყიდვების პროცესში სავარაუდო კორუფციული გარიგებების, ინტერესთა კონფლიქტებისა და თანამდებობრივი შეუთავსებლობის არა ერთი ფაქტი. ეს ადასტურებს, რომ საკრებულოების უმეტესობაში არ არსებობს პოლიტიკური ნება ან/და კომპეტენცია კორუფციის პრევენციის გასაძლიერებლად", - წერს TI ანგარიშში.

ანგარიშში ერთ-ერთ პრობლემად ანგარიშვალდებულებაა დასახელებული. ქუთაისის მერს 2022 წელს საკრებულოსთვის ანგარიში არ წარუდგენია, 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში არ წარუდგენია ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს.

ანგარიშვალდებულების ნაკლებობისა და სუსტი ზედამხედველობის ფონზე, გაზრდილია საკრებულოების ხარჯები.

"2020 წელთან შედარებით, 2022 წელს 5 საკრებულოს ჯამური ხარჯი 37%-ით (2 მლნ ლარზე მეტით) გაიზარდა. საკრებულოების ხარჯების ძირითადი წილი (89%) შრომით ანაზღაურებასა და საკრებულოს წევრებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე მოდის (ჯამში, 7,591,630 ლარიდან  6,817,586 ლარი), 2022 წელს გაიზარდა საწვავზე გაწეული ხარჯიც და ჯამურად ხუთ საკრებულოში 462,457 ლარი შეადგინა", - ნათქვამია ანგარიშში.

TI მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს ხარჯების ზრდის პროპორციულად იზრდებოდეს საკრებულოს საქმიანობის ეფექტურობა. საკრებულომ მკაცრად უნდა აკონტროლოს როგორც უშუალოდ წარმომადგენლობითი ორგანოს, ასევე ზოგადად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯები და ორიენტირებული იყოს ფინანსური რესურსების ეფექტურ ხარჯვაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი