
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, უკრაინელი მფრინავების მომზადება ამერიკული ავიაგამანადგურებლის F16-ებისთვის ამ თვეში დაიწყება. განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ დიპლომატებთან შეხვედრაზე გააკეთა და ელჩებს მოუწოდა აქტიურად იმუშაონ იმ ქვეყნებთან, რომლებსაც შეუძლიათ მათი გადაცემა.მისი თქმით, მუშაობა ამ კუთხით "100%-იანი უნდა იყოს".
„ამ თვეში ჩვენი უკრაინელი პილოტების მომზადება დაიწყება. ახლა ღირს ასი პროცენტით მუშაობა იმ ქვეყნებთან, რომლებსაც აქვთ ეს თვითმფრინავები და რომლებიც შეძლებენ მათ გადმოცემას ჩვენთვის მომზადების შემდეგ. ეს არის ძლიერი, რთული ამოცანა. ჩვენი პილოტების მიერ F-16-ის საბრძოლო გამოყენება უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ უკრაინელი დიპლომატების მუშაობის კიდევ ერთ ძირითად მიმართულებად რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის გაძლიერება დაასახელა. სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელი დიპლომატების მთავარი ამოცანაა დაარწმუნონ პარტნიორები და უცხოური კომპანიები, დახურონ ყველა მარშრუტი, რომელიც შესაძლოა გამოიყენებოდეს რუსეთისთვის კრიტიკული სამხედრო კომპონენტების მისაწოდებლად.
„ჩვენს პარტნიორებს შორის სანქციების სიჩქარის პოლიტიკის სინქრონიზაცია აუცილებელია. მათ, ვინც ჩამორჩება სანქციებს, უნდა იგრძნონ, რამდენად მნიშვნელოვანია სიჩქარე. შემოდგომა უნდა იყოს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის დრო" - აღნიშნა პრეზიდენტმა.