მორიგი თავდასხმა "მთავარ არხზე" - დამკვეთის კვალი გიორგი გახარიამდე მიდის

გამოქვეყნდა:

მორიგი თავდასხმა "მთავარ არხზე". ხელისუფლება მთავარ ოპოზიციურ მედიას ხელოვნურ დაბრკოლებას უქმნის. საქპატენტის ყოფილი თანამშრომელი "ქართული ოცნების" დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობაზე უარს ამბობს და ფარულ გეგმას ასაჯაროებს. უწყება, რომელიც სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციაზეა პასუხისმგებელი, გაუგებარი მიზეზით "მთავარი არხის" განაცხადის განხილვის და ლოგოს რეგისტრაციის დროში გაწელვას გეგმავდა. 

დამკვეთის კვალი გიორგი გახარიამდე მიდის. სწორედ პრემიერის ნდობით აღჭურვილი პირია ამ ეტაპზე საქპატენტის ხელმძღვანელი და ის პირადად მოითხოვდა "მთავარი არხისთვის" პრობლემების შექმნას. თანამშრომელი, რომელმაც უარი თქვა უკანონო დავალების შესრულებაზე, ახლა პროკურატურაში ჩივის და შეზღუდული უფლებამოსილების აღდგენას მოითხოვს, მაგრამ საგამოძიებო უწყებას საჩივარზე რეაქცია არ აქვს. 

ირაკლი კასრაძე, საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინების დეპარტამენტის უფროსი, ყოველ შემთხვევაში ამ პოსტზე სრულფასოვნად მუშაობდა 28 ივლისამდე, იქამდე, ვიდრე როგორც თავად ამბობს, ხელმძღვანელის უკანონო დავალების შესრულებაზე უარის გამო პრობლემები არ შეექმნა. დავალება კი, რომელიც ირაკლი კასრაძემ არ შეასრულა, "მთავარ არხს" უკავშირდება. როგორც ამბობს საქპატენტის თავმჯდომარე მისგან ტელეკომპანიის მოთხოვნილ სასაქონლო ნიშანზე რეგისტრაციის გაწელვასა და პრობლემების შექმნას ითხოვდა. 

"მთავარი არხისთვის" პრობლემების შექნას მინდია დავითაძე მხოლოდ პირისპირ შეხვედრისას არ ითხოვდა. ირაკლი კასრაძეს აქვს კონკრეტული მიმოწერებიც, სადაც გარკვევით იკითხება საქპატენტის ხელმძღვანელის მითითება. ირაკლი კასრაძემ ხელმძღვანელის მითითება არ შეასრულა, რადგან თვლიდა, რომ სასაქონლო ნიშანზე აუგის თქმა ან პროცედურის გაწელვა უკანონო იქნებოდა. ამის გამო თავად დაისაჯა. 

ირაკლი შოთაძის მისმართით დაწერილ განცხადებაში დეტალურად აღწერს მაისიდან განვითარებულ მოვლენებს. მიუთითებს, როგორ და რის გამო დაიწყო მისი შევიწროება. მოჰყავს კონკრეტული მაგალითები და ითხოვს მის საჩივარში მითითებული ფაქტების შესწავლას და სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას. განცხადება პროკურატურაში ირაკლი კასრაძემ 30 ივლისს შეიტანა. დღეს, 12 აგვისტოს, "მთავარს" უთხრეს, რომ საჩივარის შესწავლა უკვე დაწყებული აქვთ.  

როგორც ჩანს, პროკურატურას მინდია დავითაძე ჯერ არ გამოუკითხავს, რადგან როგორც თავად "მთავარს" უთხრა, თანამშრომლის საჩივრის შესახებ ჩვენგან შეიტყო. დავითაძე კასრაძის ბრალდებებსაც უარყოფს.

მინდია დავითაძე საქპატენტის თავმჯდომარედ 2020 წლის თებერვლის თვეში გიორგი გახარიას ბრძანებით დაინიშნა. მანამდე, გახარიას მინისტრობის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპატამენტში მუშაობდა, ის გახარიას გადაყვა კანცელარიაშიც. არის თუ არა პრემიერი გახარია ზემოდან ის მაღალჩინოსანი, ვინც დავითაძეს "მთავარი არხისთვის" პრობლემის შექმნას სთხოვდა, უცნობია. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი