
"ლელოს" გენერალური მდივანი სართიჭალაში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურება, რა დროსაც შემოვლითი გზის მშენებლობაზე, სატვირთოს მძღოლი დაიღუპა.
ირაკლი კუპრაძის თქმით, სამუშაოების ადგილზე უსაფრთხოების სპეციალისტები უნდა მუშაობდნენ, რომლებიც პროცესს მართავენ და მსგავს შემთხვევებზე პასუხისმგებლობას აიღებენ.
"სართიჭალაში მშენებლობაზე მძღოლი გარდაიცვალა, რომელსაც 55 ტონიანი ბეტონის ფილა დაეცა.
კომპანიის წარმომადგენლები, ღიმილით გვაცნობენ რომ თვითონ ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ მუშები არიან თურმე დაუდევრები.
ზუსტად ამისთვის არსებობს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები, რომლებიც ასეთ დროს უნდა მუშაობდნენ ადგილზე, მართავდნენ პროცესს და პასუხისმგებლობას იღებდნენ მსგავს უბედურ შემთხვევებზე.
დაღუპულ მუშებზე, მშენებლებზე, მძღოლებზე საკუთარი სიკვდილისვე დაბრალება არის მორალურად ხრწნადი მდგომარეობა და ასევე შრომის კოდექსის უგულვებელყოფა!", - წერს ირაკლი კუპრაძე.
უბედური შემთხვევა სართიჭალაში გუშინ, 2 აგვისტოს მოხდა. მანქანამ მშენებარე ხიდის ქვეშ გაიარა და დაუსრულებელი კონსტრუქციის ძელს გამოედო, რის შედეგადაც ბეტონის ფილის ნაწილი ჩამოინგრა და მუშას დაეცა.
სამშენებლო სამუშაოებს ვაზიანის მონაკვეთზე ჩინური კომპანია ახორციელებს. როგორც კომპანიაში ამბობენ, მძღოლს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ხიდის ქვეშ სატვირთო მანქანის გავლა არ შეიძლებოდა.
მომხდარზე გამოძიება 240 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.