შაქარაშვილის საქმის ბრალდებულებს პროკურატურამ დუმილისკენ მოუწოდა. საქმის მასალების გასაცნობად მისულ ადვოკატებს საგამოძიებო უწყებაში უთხრეს, რომ გაუთქმელობის ხელწერილი უნდა დაედოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის მასალების შინაარსზე ვეღარ ილაპარაკებდნენ. ადვოკატებმა შინაგან საქმეთა სამინისტრო პროტესტით დატოვეს. ამბობენ, რომ პროკურატურას ეს ერთი მიზეზით დასჭირდა - "არ აქვს ბრალისთვის საჭირო მტკიცებულებები".
სისხლის სამართლის საქმის მასალების გაუთქმელობას ხელი დღეს, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ადვოკატების უმეტესობამ არ მოაწერა. გიორგი გელხაური ამტკიცებს, რომ ბრალი 5 პირს ისე დაუმძიმეს, არც მოწმეთა ჩვენებები აქვთ და არც რაიმე მტკიცებულება, რომელიც შაქარაშვილის ცემასა და შემდეგ მკვლობასთან მათ შემხებლობას დაადასტურებდა.
განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი 5 პირიდან 2 არასრულწლოვანს წაუყენეს, ზ.ხ.-ს მამა დღეს აცხადებდა, რომ პროკურატურის ეს განზრახვა დამარცხებისთვის არის განწირული. ბრალდებულები დარწმუნებულები არიან, რომ სასამართლო განხილვის დროს უმძიმესი დანაშაული გაუქმდება, რადგან შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების მიმართ მტკიცებულებები არ არსებობს.
საქმის მასალების გაუთქმელობაზე ხელი დღეს მხოლოდ ორმა ადვოკატმა მოაწერა, თუმცა ორივე მათგანი ღიად ამბობს, რომ მრავალტომიანი საქმის შინაარსში ბრალისთვის არცერთი მტკიცებულება არ არის.
გენერალურმა პროპკურატურამ საკუთარ გადაწყვეტილებაზე დღეს, 12 აგვისტოს განცხადებაც გაავრცელა. ბრალდება გაუთქმელობის ხელწერილს საქმეში მონაწილე არასრულწლოვნების მოტივით ხსნის. 19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმეზე "ტოიოტა კამრის" 6 მგზავრიდან ბრალი 5 პირს დაუმძიმეს, მექვსივე მგზავრის ავტომანქანის მძღოლის ბრალეულობას კი სახელმწიფო ბრალდება ვერ ხედავს.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.