როდის განახლდება სწავლა? - ხელისუფლებას რეკომენდაციები ჯერაც არ გაუცია

გამოქვეყნდა:

ამ დრომდე სკოლის დირექტორებს არ მიუღიათ კონკრეტული რეკომენდაციები, რომლის დაცვაც სწავლის დაწყების შემთხვევაში მოუწევთ. არ გამორიცხავენ, რომ დარჩენილ ერთ თვეში ახალ სტანდარტებზე გადაწყობა სათანადოდ ვეღარც შეძლონ.

სკოლის დირექტორებმა მხოლოდ პრესიდან იციან, რომ საკლასო ოთახებში მოსწავლეთა რაოდენობა უნდა შემცირდეს, იციან ისიც, რომ დენზობარიერები უნდა მოაწყონ, თუმცა უფრო კონკრეტულად რა ხარჯების გაწევა მოუწევთ ან როგორ უნდა აღიჭურვოს სასწავლო დაწესებულება ,მათთვის გაუგებარია. ასევე გაუგებარია, რა თანხა დასჭირდება დაწესებული რეგულაციების შესრულებას და ეყოფა თუ არა ამას სკოლების ბიუჯეტი.

ხელისუფლების პირველი პირები კი ყველაფრის მიუხედავად დღეს ამტკიცებდნენ, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება და სწავლის დაწყების თარიღი არ გადაიწევს. 

ის ფაქტი, რომ ერთიანი აზრი არც ხელისუფლების პირველ პირებს აქვთ და  სკოლის ხელმღვანელები სრულ გაურკვევლობაში არიან. ოპოზიციას კიდევ ერთხელ უჩენს ეჭვს, რომ მმართველი გუნდი კოვიდპანდემიის გამოყენებას საარჩევნოდ გეგმავს. თუ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასა და სწავლის დაწყების თარიღის გადაწევას არ აპირებს, მაშინ კოვიდრეალობის პირისპირ დარჩენილი სკოლები და მოსწავლეები სასწავლო პროცესს სრულად მოუმზადებლები შეხვდებიან.

როდის ექნებათ სკოლებს გაწერილი რეკომენდაციები უცნობია. ჯანდაცვის სამინისტრო და შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ.

ამ დრომდე უცნობია, როგორი სისტემით წარიმართება სწავლა. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ განიხილება, როგორც შერეული სისტემა ასევე ონლაინ სწავლება, თუმცა არცერთი მიმართულებით განათლების სამინისტროს არ უმუშავია და ხარვეზიანი სისტემა ისევ გაუმართავია. საბოლოო ჯამში კი ამ დრომდე უცნობია, როგორ, როდის და რა რეჟიმში დაუბრუნდებიან მოსწავლეები სკოლას. მოსწავლეები, რომლებიც ფაქტობრივად მეექვსე თვეა არდადეგებზე არიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი