საპენსიო ფონდი მოქალაქეებს უზრუნველი სიბერის გარანტიას არ აძლევს. არადა, დასაქმებული ადამიანების უმრავლესობა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ყოველთვიურად ფონდში თანხას რიცხავს. ამას ისიც ემატება, რომ დღემდე არავინ იცის კონკრეტულად ვის ჯიბეში წავა მოსახლეობის ფული. ეს საპენსიო ფონდს ხელს არ უშლის, ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამშრომლები ჰყავდეს. თუმცა ფონდისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
ცოტა ხნის წინ კი პორტალზე "ბიუჯეტის მონიტორი" გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპენსიო ფონდმა სამი თვის განმავლობაში ხელფასებში 649,693 დახარჯა.
საპენსიო ფონდი ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებადი სახელმწიფო სტრუქტურაა, მისი დირექტორის ხელფასი 15 000 ლარამდეა. პოზიცია კი დღემდე ვაკანტურია. კონკურსი ამ თანამდებობაზე ორი დღის წინ ოფიციალურად გამოცხადდა. ფონდში მობილიზებული თანხის მართვაში პრობლემას ეკონომისტებიც ხედავენ. გაგი ბედინეიშვილის თქმით, სააგენტოს ეფექტური მუშაობა დღევანდელი სოციალური ფონისა და პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რეალურად შეუძლებელია.
მმართველი გუნდის ოპონენტები საპენსიო სააგენტოს მთავარ გამოწვევად თანხის ეფექტურ დაბანდებას ასახელებენ. დღეისათვის ფონდის თანხა მხოლოდ ბანკებში არის თავმოყრილი, რაც საშულებას არ იძლევა, რომ ის საინვესტიციოდ არ გამოიყენონ. გარდა ამისა, დავალდებულება, რომ 40-წლამდე დასაქმებულებმა ხელფასის 2% ფონდში გადარიცხონ, ფაქტობრივად გადასახადის ხასიათს ატარებს და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
ექსპერტების თქმით, იმ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკა მზარდია და ფინანსური ბაზრები განვითარებული, მხოლოდ კერძო დაგროვებითი საპენსიო მოდელი ამართლებს, რადგან დაბანდებული პენსია მაღალ სარგებელს იძლევა. თუმცა, საქართველოს ეკონომიკისთვის, სადაც ინფლაცია და რისკები დიდია, დაგროვილი რესურსი შეიძლება გაუფასურდეს კიდეც, ამიტომ ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა ვის ჯიბეში წავა ხალხის ფული.